GE

ცნობილია, რამდენი ლარი გახდა სკოლის მანდატურის ხელფასი იანვრიდან – განათლების მინისტრის ბრძანება

როგორც ცნობილია, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლა) მანდატურის ხელფასი გაიზარდა და 1 500 ლარი გახდა.

ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, რომელიც დღეს, 14 იანვარს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, განსაზღვრულია, რომ კერძო სკოლის მანდატურის შემთხვევაში, ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1 700 ლარი იქნება. ანალოგიური დათქმაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაშიც.

როგორც გივი მიქანაძის ახალ ბრძანებაში ვკითხულობთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური შემდეგი ოდენობით დამტკიცდა:

  1. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში 1 700 ლარის ოდენობით განისაზღვრა;
  2. კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში ასევე 1 700 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ბრძანება უკვე ძალაშია.

ცნობისთვის, ის, რომ საჯარო სკოლების მანდატურებს ხელფასები 10%-ის ნაცვლად, 20%-ით გაეზრდებოდათ, ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 2026 წლიდან, მანდატურების გარდა, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალისა და ექიმების ხელფასებიც იზრდება.

ასევე იხილეთ:

2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური