GE

„უნივერსიტეტი კრიმინალების გარეშე“ – ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის გადადგომა მოითხოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით დავით გურგენიძე კრიმინალია და მისი ადგილი უნივერსიტეტში არ არის.
პროტესტის გრძნობა თავდაპირველად, გურგენიძეზე მომზადებულმა სიუჟეტმა გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ მოამზადა. სიუჟეტში ნახსენებია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სამჯერ არის ნასამართლევი და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფოს სურვილი იყო.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილებ განაცხადა, სტუდენტები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ რექტორის კრიმინალური წარსული.

„ვაპროტესტებთ უნივერისტეტის რექტორის კრიმინალურ წარსულს. უნივერსიტეტს მართავს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი. ასევე, ვაპროტესტებთ უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას, სადაც ორიენტირება არ ხდება სტუდენტებზე და ვერ ვახერხებთ ხარისხიანი განათლების მიღებას. თუ არ გადადგება რექტორი, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, რომელიც უფრო მწვავე ფორმის იქნება”, – განაცხადა გიორგი ერისთავმა.

სტუდენტების მტკიცებით, გურგენიძე რამდენჯერმე არის ნასამართლევი და სასჯელი რუსეთის ციხეშიც კი მოიხადა, თუმცა, CV-ში უწერია, რომ ამ დროს მუშაობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი მანამ გააგრძელებნ საპროტესტო აქციებს სანამ შედეგს არ მიაღწევენ და გურგენიძეს თანამდებობას არ დაატოვებინებენ.

მოამზადა მარიამ დარბაიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური