ხელფასი გაიზრდება – „ამ ცვლილებით სამედიცინო სასწავლებლებში მეტ გოგონას და ბიჭს მივიზიდავთ“
28 მარტს გამართულ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევი“ წარმოადგინა. პროექტის მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადდა, ექიმის გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება 1 660 ლარი უნდა იყოს, ექთნის – 1 230 ლარი და თან – მუდმივი ზრდის პერსპექტივით.
კომიტეტის წევრის, ზაზა ლომინაძის აზრით, სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების ზრდა სამედიცინო სასწავლებლებში სტუდენტთა მიზიდვას შეუწყობს ხელს, რაც ამ სფეროში არსებულ დეფიციტს აღმოფხვრის.
„ინდექსაცია მოვახდინოთ ამ ხელფასის, რადგან ინფლაცია მაღალია და ამით ხელს შევუწყობთ ექიმების და ექთნების მოზიდვას სამედიცინო დაწესებულებებში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არ მოდის, როდესაც მთელს მსოფლიოში, როგორც მინიმუმ, ერთ ექიმზე სამი ექთანი უნდა მოდიოდეს…. მნიშვნელოვანი იქნება დავაანონსოთ, რომ ექთანს ვაძლევთ ძალიან მაღალ ხელფასს ინდექსირებულს, რომ სამედიცინო სასწავლებლებში მეტი გოგონები იქნეს მიზიდული და ბიჭებიც. აქ გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი და ეს დეფიციტი აუცილებლად უნდა შევავსოთ, იმიტომ რომ ყველა სფეროს, როგორც პირველადი ჯანდაცვა, ასევე სტაციონარები განიცდიან დეფიციტს“, – თქვა კომიტეტის სხდომაზე ზაზა ლომინაძემ.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევში“ ექთნებისთვის პროფესიული განვითარების სტრატეგია უკვე მზად არის.
„ექთნებისთვის პროფესიული განვითარების სტრატეგია მომზადებული და დამტკიცებულია. ამ სტრატეგიის შესაბამისად, გათვალისწინებულია ექთნის სტატუსის განსაზღვრა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ფინანსური წახალისების მექანიზმების გააქტიურებაც, რაც იქნება ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ექთნების პროფესია გახდეს მიმზიდველი ახალგზარდა თაობისთვის“, – აცხადებს თამარ გაბუნია, რომელიც ასევე ამბობს, რომ ახალი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.
-
24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა
by ინფოLIFE
-
„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
by ინფოLIFE
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE