GE

ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით, საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება სომხეთსა და მოლდოვას

თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება. საქართველოშიც AI ტექნოლოგიები ინერგება და ვითარდება როგორც განათლების, ასევე კერძო და საჯარო სექტორებში. თუმცა ქვეყანა განვითარებით ჩამორჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის მეზობელ სომხეთსაც.

ამის შესახებ საუბარია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაში „ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები“, სადაც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებაცაა საუბარი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა, ეროვნული განვითარების კონცეფცია, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ერთეული მაგალითები გვხვდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, თუმცა მათი ფუნქციონირებისა და განვითარების საკითხები ვიწრო-ორგანიზაციულ ჭრილში ხორციელდება, ვინაიდან ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი ეროვნული ხედვა, რომელთან თავსებადობაც რომელიმე ამ კერძო შემთხვევისთვის მოთხოვნადი იქნებოდა. ხელოვნური ინტელექტის საჯარო სექტორში გამოყენების რამდენიმე მაგალითია საჯაროდ ხელმისაწვდომი, ესენია:

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა “ASYCUDA”-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა. შემოსავლების სამსახური აპირებს ჩატ ბოტების გამოყენებას საგადასახადო-საბაჟო კონსულტაციების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემაც.

„ემოციები არის საქართველო“ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია სოციალურ მედიაში ტურისტების მიერ საქართველოს შესახებ გამოთქმული შთაბეჭდილებების გაანალიზება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პიროვნების სახის ამომცნობი და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2020 წელს გამოცემული ბრძანება „მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისთვის DG NEAR-ისა და DG CONNECT-ს მიერ 2018 წელს ორგანიზებული კვლევის („ინოვაციებსა და სტარტაპ ეკოსისტემები“) მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების თვალსაზრისით, საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი და მოლდოვა, და მხოლოდ მცირედით უსწრებს EaP-ის საშუალო მაჩვენებელს. რეგიონის ლიდერი ამ თვალსაზრისით სომხეთია, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე არაერთი სტარტაპი ფუნქციონირებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი დანაკლისი ICT-ის და ინოვაციების სწავლების სფეროებს შორის მოდის ხელოვნურ ინტელექტზე, ელ ლოჯისტიკაზე, ღია API-სა და ღია მონაცემებზე, ინდუსტრია 4.0, სმარტ კონტრაქტებზე. ასევე საინტერესოა OXFORD INSIGHT-ის მიერ ჩატარებული კვლევა – AI Readiness Index 2020, რომლის ფარგლებშიც შეფასდა 172 ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის მახასიათებელი 10 მიმართულების და 33 ინდიკატორის მიხედვით. საქართველო ამ ინდექსში გლობალურ კონტექსტში 72-ე ადგილს, ხოლო რეგიონული მასშტაბით (სამხრეთი და ცენტრალური აზია) 16 ქვეყნიდან მე-5 ადგილს იკავებს და ჩამორჩება რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური