„ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება“
ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საკითხებია განხილული.
ანგარიშში საუბარია ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღების, შესახებ, რომელმაც ბავშვების უსაფრთხოების გარანტიები უნდა გააუმჯობესოს.
„სექტემბერში საქართველომ მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც 2020 წლის 1 ივნისს სრულად შედის ძალაში. ამ კომპლექსურ დოკუმენტში მოცემულია სამართლებრივი საფუძვლები, უსაფრთხოების ზომები და გარანტიები ბავშვთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრინციპების, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს იურიდიულ გარანტიებს იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი უფლებები დამოუკიდებლად გამოიყენოს და დაიცვას“,-ვკითხულობთ დოკუმენტში.
ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჩვილების და დედების სკვდილიანობა და ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია.
„ჩვილების (და დედების) სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალია. მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფების ბავშვთა კვების სტატუსში. ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება. 2019 წლის იანვრიდან მთავრობამ ბავშვების ყოველთვიური დახმარება 10-დან 50 ლარამდე გაზარდა და ბავშვებისთვის სასურსათო ვაუჩერები (“კვების ბარათები”) შემოიღო.
მთლიანობაში, ბავშვთა დაახლოებით მეოთხედი საბავშვო ბაღებში არ დადის, განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია; ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი სახელმწიფო დაწესებულება სადაც მძიმე და სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 80 ბავშვი ცხოვრობს. 900 – ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს 38 არარეგულირებულ დაწესებულებაში, ძირითადად პანსიონატებში, რომელთაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები.
2019 წელს მთავრობამ სახელმწიფო რეგულაციების და სტანდარტების ამ დაწესებულებებზე გავრცელება დაიწყო. 2019 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გაფიცვის საპასუხოდ, მთავრობა სოციალური მუშაკების შესაძლებლობების გაფართოებისა და საქმეთა ხარისხიანი მართვისთვის ინვესტიციების გაზრდაზე დათანხმდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უწყებათაშორისი მიდგომა დანერგა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE