GE
14 ივნისი, 2019 13:20

41-ე საჯარო სკოლაში სასწავლო კურსის, “ევროპული მოქალაქეობა – გზა ევროპისკენ” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2019 წლის 7 ივნისს სკოლაში გაიმართა სტანდარტზედა სასწავლო კურსის, “ევროპული მოქალაქეობა – გზა ევროპისკენ” სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ მცირე ჯგუფებად და წარმოადგენდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ დამსწრე საზოგადოებას დაანახეს არჩეული ქვეყნების გამორჩეული როლი ევროკავშირში, საინტერესო ფაქტები ამ ქვეყნების შესახებ და მათთვის დამახასიათებელი კულტურა თუ კულინარია.

“გზა ევროპისკენ” უკვე 5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში. კურსის მიზანია დაინტერესებულ მოსწავლეებისთვის ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებზე, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ინიციატივებზე საქართველოში და მათში მონაწილეობის შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე სკოლაში არაფორმალური სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.

კურსი მოიცავს როგორც საგაკვეთილო ფორმატში მოსწავლეებისთვის თეორიული ცოდნის მიწოდებას, ისე ვიზიტებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებსა თუ ახალგაზრდულ ცენტრებში. მოსწავლეები წახალისებული არიან, თავიანთი ინიციატივით დაგეგმონ საინტერესო შეხვედრები და განახორციელონ პროექტები სხვადასხვა თემაზე.

Aris.ge - განათლება განათლება