51-ე სკოლის ბიბლიოთეკამ გასულ სასწავლო წელს არაერთ ღონისძიებას უმასპინძლა
ადამიანის მიერ შექმნილ სასწაულთაგან უდიდესი სასწაულია წიგნი. იგი ქმნის აზრს, აზრი კი ცხოვრებას. განათლება, სწავლა, ცოდნა ბედნიერების პირველი პირობაა და ეს ყველაფერი საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა ბიბლიოთეკაში, დაწესებულებაში, სადაც თავმოყრილია ყველა ის სულიერი საზრდო, რაც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია და შექმნის მომავალშიც.
ბიბლიოთეკა სკოლის აუცილებელი ქვედანაყოფია, რომელსაც თავისი ფუნქციები გააჩნია და დადგენილი წესებითა და მეთოდებით ემსახურება მკითხველს. იგი მუშაობას აგებს სკოლის დებულებისა და სამუშაო გეგმის მიხედვით. ექვემდებარება სკოლის მიზნებს და ამოცანებს. ბიბლიოთეკა წარმოადგენს საინფორმაციო – ბიბლიოგრაფიული მუშაობის ცენტრს, კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორს, სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ხელისშემწყობ და კლასგარეშე კითხვის ორგანიზატორს. ბიბლიოთეკა ეხმარება მოსწავლეებს გაიღრმავონ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა, აიმაღლონ კითხვის კულტურა, დაეუფლონ მასობრივი მუშაობის ჩვევებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სკოლაში წიგნიერი გარემოს შექმნაში.
სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლას ამ მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნია. ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულია სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. არსებული ფონდი ყოველწლიურად ივსება ახალი გამოცემებით. მოქმედებს ანბანური და სისტემატური კატალოგის სისტემა, აგრეთვე ელექტრონული კატალოგი მთლიან ფონდზე.
სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, ყველა თანამშრომელს. მკითხველი ვალდებულია დაიცვას ეთიკით გათვალისწინებული მოთხოვნები. ისარგებლოს ბიბლიოთეკაში განთავსებული წიგნადი ფონდით, ელექტრონული რესურსებით, კომპიუტერით. მიიღოს სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია. ცალკეული საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა განისაზღვრება შინაგანაწესის მიხედვით.
წიგნით უზრუნველყოფის გარდა ბიბლიოთეკის ფუნქციაა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. სკოლის ბიბლიოთეკაში არაერთი ლიტერატურული საღამოები ჩატარებულა. გამონაკლისი არც გასული სასწავლო წელი გახლდათ. ნოემბერში სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო – ,,შენს სახელს ერთი სანთელი აკრავს, ერთი სანთელი არ დავიწყების“, აპრილის თვეში წიგნის კვირეულს მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის დედაენისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო – ,,ენა დედაა ერისა’’, რომელშიც მონაწილეობდნენ მე – 4 კლასის მოსწავლეები.
სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უზრუნველყოფა ბიბლიოთეკის პრეროგატივაა, რაც წარმატებით სრულდება. მომავალშიც ბიბლიოთეკა ახალი ენერგიით გააგრძელებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და წვლილს შეიტანს კულტურულ-საგანმანათლებლო და კლასგარეშე მუშაობის პროცესში.