GE
9 ოქტომბერი, 2015 22:47

6 გზა, თუ როგორ გააუმჯობესო საკუთარი მენეჯერული უნარი

მენეჯერულ პოზიციაზე ახალი დანიშნული ხართ, თუ ფართო ბიზნეს სპექტრში მაღალ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი გაქვთ, შესაძლებელია, აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ ის, რაც ერთი წლის წინ ძალიან ეფექტურად მუშაობდა, უკვე არც თუ ისე წარმატებულია. ამას ყოველდღიურად ცვალებადი სამუშაო გარემო და სხვადასხვა თაობის კადრების მუდმივი ცვლა განაპირობებს.

ბევრს სჯერა, რომ კარგ მენეჯერს ბუნებრივად შესწევს უნარი, საჭიროების დადგომისთანავე ადვილად შეცვალოს საკუთარი მართვის სტილი, თუმცა ყოველთვის უმჯობესია მენეჯმენტის სტილისა და ტექნიკის დახვეწაზე პერიოდული ზრუნვა. ამრიგად, მუდამ გექნებათ საჭირო უნარ-ჩვევები და მოქნილობა, რათა ადვილად მოახდინოთ რეაგირება სამომავლო მოულოდნელ ცვილებებზე. გთავაზობთ 6 გზას, თუ როგორ გააუმობესოთ თქვენი მართვის სტილი, იმისდა მიუხედავად სტაჟიანი ხართ, თუ ახალბედა.

1.    შეიცანი და აკონტროლე საკუთარი თავი

საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს, იცოდე შენი გრძნობების, მოტივაციის, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. მენეჯერებს, რომლებიც ამ უნარს ფლობენ, უკეთ უმკლავდებიან უხილავ გამოწვევებსა და ყოველდღიურ დაბრკოლებებს. საკუთარი „მეს“ შეცნობა, მენეჯერული უნარების გაუმჯობესების გზაზე პირველი ნაბიჯია, რადგან მის გარეშე რეალურად არ გეცნოდინება მართვა და არც ის, თუ რამდენად ეფექტურად აკეთებ ამას. იმისათვის, რომ შეძლოთ საკუთარი თავისა და ქმედებების კონტროლი, შემდეგი რამ უნდა მოიმოქმედოთ:

  • ითხოვეთ შეფასება, როგორც დაქვემდებარებული თამაშრომლებისაგან, ასევე თქვენზე პოზიციურად მაღლა მყოფთაგან და ნუ გადახვალთ თავდაცვის რეჟიმში, როცა შეფასებას მოგცემენ;
  • ითამაშე შენი ემოციების ზღვარზე და დაინახე, თუ სადამდე მიჰყავხარ მას და რას გამოყავხარ წყობიდან;
  • დაუთმე დრო საუბრის თერაპიას;
  • აწარმოე შენი მოლოდინების, გრძნობების, შედეგების და ა.შ. ჩანაწერები.

2.    განაგრძე განათლების მიღება

მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი განათლების მღებაა, იქნება ეს სერტიფიცირება, თუ უფრო მაღალი საფეხური – მაგისტრატურა მენეჯმენტში. განათლების გაგრძელებით, ერთი მხრივ, მიიღებთ ინფორმაციას, თუ რა არის ბიზნესისა და მენეჯმენტის სამყაროში აქტუალური მოცემულ მომენტში და მეორე მხრივ, გააფართოვებთ კონტაქტებს, როგორც პროფესორებთან, ასევე სტუდენტებთან, რომელთაგანაც შეგიძლიათ ისწავლოთ ყველაფერი, დაწყებული ახალი ტექნოლოგიებიდან, ტრანსფორმაციული ღირებულებებით დამთავრებული.

3.    წაახალისე იდეები

არსებობს შანსი იმისა, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ რომელიმე თანამშრომელს აქვს პოტენციალი მომავალში სხვისი (ან თუნდაც თქვენი) უფროსი გახდეს – ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი კაბინეტის კართან კარგი იდეების მქონე ფარული საგანძურია. თქვენი მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მარტივი გზაა, თქვენსავე თანამშომლებს ჰკითხოთ, თუ როგორ შეგიძლიათ ოფისის უფრო ეფექტურად და ეფექტიანად მართვა. ამით თანამშრომლებსაც ასიამოვნებთ, რადგან რჩევისთვის მიმართავთ და მათი წვლილსაც შეიტანთ მართვაში და თქვენც ისწავლით საკუთარი თავის გარდა, სხვასაც მიმართოთ დახმარებისათვის.

4.    გადააფასე შენი ღირებულებები

რა არის შენთვის მნიშვნელოვანი სამსახურში? ცხოვრებაში? არასდროს არის ძალიან ადრე ან გვიანი, რომ მენეჯერმა გადახედოს საკუთარ ღირებულებებს, რათა შეაფასოს, თუ რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმას, თუ ვინაა და რას სურს მიაღწიოს. როცა გაანალიზებთ თქვენს ძირეულ ფასეულობებს, მართვის სტილს მათთან შესაბამისობაში მოიყვანთ და მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურდღებას იმ მიმართულებებს, სადაც გაუმჯობესება გჭირდებათ – შედეგი აუცილებლად დადგება.

5.    შეცვალე კომუნიკაცია

მაშინაც კი, თუ მიგაჩნიათ, რომ კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა, სცადეთ შეიტანოთ ცვლილება კომუნიკაციის მეთოდებში, რათა დაინახო, გახვალთ თუ არა უკეთეს შედეგებზე. მაგალითად, თუ თქვენს გუნდს მიმდინარე პროექტების განსახილველად ყოველკვირეულად ხვდებით, სცადეთ გუნდის წევრებთან ერთი-ერთზე ყოველკვირეული შეხვედრა ერთი თვის მანძლიზე.  შეამცირეთ თანამშრომლებისათვის დღის მანძილზე გაგზავნილი მეილების რაოდენობა და დააკვირდი, თუ გაიზრდება თქვენი პირადი ეფექტურობა.
ოფისში საკონუმიკაციოდ დანერგეთ „ჩატის“ აპლიკაციები და შეაფასეთ, რამდენად უკეთ დაგაკავშირებთ ის თქვენს თანამშრომლებთან. კომუნიკაციის გზების ცვლილების პარალელურად აუცილებლად  მიაქციეთ ყურადღება, თუ როგმელი გზა მუშაობს, რომელი არა და რატომ.

6.    იპოვე მენტორი ან ტრენერი

საკუთარი მენეჯერული უნარ-ჩვევების დახვეწის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, სთხოვო მენტორობა მას, ვისი მენეჯმენტის სტილიც შენთვის მოსაწონია და ვინც იდეალურ შემთხვევაში იმავე კომპანიაში არ მუშაობს, რომელშიც შენ. როცა ასეთი ადამიანები არც თქვენი უფროსები არიან და არც თქვენ გექვემდებარებიან, მათ შეუძლიათ მოგცენ კარგი მითითებები, იყვნენ გულახდილები თქვენი შეფასებისას, გაიღონ კონტრიბუცია და კიდევ მრავალი რამ, თქვენი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე.

საკუთარი მენეჯერული სტილის გაუმჯობესებას ერთ დღე-ღამეში ნამდვილად ვერ შეძლებთ, თუმცა მონდომებითა და ფოკუსირებით ამას ნამდვილად მიაღწევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ 6 რჩევას გაითვალისწინებთ.

entrepreneur.com

Aris.ge - განათლება განათლება