GE
11 თებერვალი, 2022 22:26

ჩაანაცვლებს თუ არა პროფესიული კურსები უმაღლეს განათლებას?

მსოფლიოს ახალმა რეალობამ მიდგომები განათლების სფეროშიც შეცვალა. პანდემიის პერიოდში ციფრული პროფესიების მნიშვნელობა და მოკლევადიანი კურსების ეფექტურობა უფრო ნათლად დავინახეთ. გაჩნდა უამრავი ონლაინ სკოლა და ახალი შესაძლებლობები. რას გვაძლევს პროფესიული კურსები, რით განსხვავდება ის უნივერსიტეტისგან და ჩაანაცვლებს თუ არა უმაღლეს განათლებას?

EDU.ARIS.GE-სთან ამ თემაზე ერთერთი ციფრული აკადემიის, Digital Bus-ის დამფუძნებელმა აჩო სვანიძემ და განათლების ექსპერტმა ნათია გორგაძემ ისაუბრეს.

ჩვენი რესპონდენტების საუბრიდან ჩანს, რომ პროფესიული კურსები ახალი უნარების სწრაფად შესაძენად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რას ვისწავლით.

„უკვე თითქმის აღარავის აინტერესებს დიპლომი. მთავარია იყო საქმის პროფესიონალი, გქონდეს ონლაინ მუშაობის კულტურა და განვითარების სურვილი. ახალ პროფესიებთან ერთად, კურსები მოსწავლეებში სწორედ ამ უნარების ავითარებს. ქაოტური ციფრული სამყარო უსწრაფესი ტემპით ვითარდება, იცვლება ონლაინ ქცევა. ამიტომ, სჯობს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, მალე გაციფრულდეს.  ჩვენ ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, დავამატეთ საბავშვო კურსებიც, რადგან ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმის, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს ბავშვებს განვითარებისა და აზროვნების კუთხით ადრეული ასაკიდან კოდინგის თუ რობოინჟინერიის სწავლა“, – ამბობს აჩო სვანიძე.

სვანიძის აზრით, კურსებს მოსწავლეების 70-80% წარმატებით ასრულებს, HR-ტრენერის დახმარებით კი მათ გასაუბრებებისა და ონლაინ პლატფორმებზე დაკვეთების მოძიებისთვისაც ამზადებენ. ციფრული აკადემიები მოსწავლეებს უმეტესად მომავლის პროფესიებს ასწავლიან, როგორებიცაა რობოტექნიკა, პროგრამირების ენები, 3D გრაფიკა, დეველოპინგი და სხვა.

რით განსხვავდება მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები საუნივერსიტეტო სწავლებისგან? ხანგრძლივობის, მოხერხებული გრაფიკისა და ეკონომიურობის გარდა, მოკლევადიან კურსებს სწავლების მეთოდიც განსხვავებული აქვს. აქ უამრავი თეორიული საგნის ნაცვლად, კონკრეტული პროფესიისა და უნარ-ჩვევის გარშემო იღებ ცოდნას და ხშირად სამსახურის პოვნაც უფრო მარტივია.

ჩაანაცვლებს კურსებზე მიღებული სერტიფიკატები დიპლომებს? ეს კითხვა განათლების ექსპერტ ნათია გორგაძეს დავუსვით. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მოკლევადიანი კურსების გამოყენება დროზე მორგებული მიდგომაა, რომელიც გათვლილია კონკრეტული უნარისა თუ ცოდნის სპეციფიკურად შეძენაზე, რაც ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპებს კარგად ეხმიანება.

„მოკლევადიანი კურსები უფრო ეკონომიური და ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მეტ აქტორს აძლევს საშუალებას, შემოვიდეს საგანმანათლებლო არენაზე“, – ამბობს ნათია გორგაძე.

გორგაძეს მიაჩნია, რომ კურსები გვაძლევს პროფილირებულ ცოდნას, რომელიც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რათა დასაქმდეს ან უკვე დასაქმებულმა კვალიფიკაცია აიმაღლოს. შესაბამისად, ეს კარგი შესაძლებლობაა, თუმცა არის კონკრეტული პროფესიები, სადაც ხარისხის გარეშე ვერ დასაქმდები, რადგან გჭირდება პირდაპირი ინტერაქცია და უამრავი თეორიული მასალის ცოდნა.

„მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩანაცვლებაზე ვისაუბროთ, თუმცა ჩემი აზრით, უნივერსიტეტები მსგავსი კონკურენციის პირობებში საკუთარ სერვისებსაც უკეთ დააბალანსებენ“, – განმარტავს ნათია გორგაძე.

რა თქმა უნდა, არის პროფესიები რომლებსაც რამდენიმე თვეში ვერ დაეუფლები და ამ კუთხით უნივერსიტეტი ჯერ-ჯერობით შეუცვლელი ალტერნატივაა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა ჯერ ზუსტად არ იცი რის კეთება სურს, დისტანციური კურსები აძლევს საშუალებას, დროის მოკლე მონაკვეთში, სხვადასხვა სფეროში გაერკვეს და პროფესიის შერჩევისას არჩევანიც უფრო გათვითცნობიერებულმა გააკეთოს.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში