GE
20 ივნისი, 2024 12:05

„ცუგაც შემოვიპატიჟეთ“ – რა კადრებს გვიზიარებს სიქთარვის საჯარო სკოლის ფეხბურთის მოყვარული დირექტორი (+ფოტო)

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლას სკოლებში განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 ივნისს დასრულდა, EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ სკოლებში მოსწავლეებისთვის მიცემულ პირობას ასრულებენ და გულშემატკივრებს ნაკრების თამაშის ყურება და ქომაგობა სკოლაში, დიდ ტელევიზორთან შეუძლიათ.

თერჯოლის რაიონის, სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი, ია კვატაია, იმ ფოტოებს გვიზიარებს, რომელშიც ჩანს, რომ სკოლის კარი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, თანასოფლელებისა და პატარების ოთხფეხა მეგობრებსითვისაც კი ღიაა.

იხილეთ ფოტო:

“როცა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გადაწყდა, დავგეგმეთ, რომ სკოლის ეზოში შეგვეკრიბა სოფელი და თამაშებისთვის ერთად გვეყურებინა. პირველ თამაშზე წვიმის მოლოდინი იყო და შენობაში მოხერხდა. მომდევნო თამაშებსაც სკოლაში ვნახავთ, ნებისმიერ მსურველთან ერთად. ჩვენი დიდი ტელევიზორის გამოტანა ინგლისურის კაბინეტში და ფოიეში მოგვიწია. როგორც ხედავთ, ცუგაც შემოვიპატიჟეთ, სკოლის კარებიდან ასეთი ინტერესით უყურებდა თამაშს და ჩვენს ემოციებს. გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

და თქვენი სკოლა, როგორ ხვდება ეროვნული ნაკრების თამაშებს, გთხოვთ გაგვიზიაროთ ფო/ვიდეო.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში