„დღეს უქმე დღეა, დარჩით ოჯახებში და აღნიშნეთ!“ – სკოლებში საქართველოს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლას ზეიმობენ
ისტორია კვლავ დაიწერა! დღეს ყველგან ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გასვლას ვზეიმობთ. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგეს. საოცნებო გამარჯვების სიხარულს, რა თქმა უნდა, საქართველოს სკოლებშიც უერთდებიან.
გამარჯვების ზეიმია 94-ე საჯარო სკოლაში. “კვარაცხელია, კვარაცხელია! ღმერთო, მადლობა.. ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, ჩემი სკოლა თბილისის ჩემპიონია… მეტი რა უნდა მენატრა. მადლობა, ბიჭებოოო”, – წერს სოციალურ ქსელში ფეხბურთის მოყვარული დირექტორი, ნინო გახარია. დირექტორი EDU.ARIS.GE-ს გამარჯვების დღის ვიდეო კადრებს უზიარებს.
იხილეთ ვიდეო
“წლის დაუვიწყარი ემოცია, საუკეთესო ნაკრების დებიუტი ევრო 2024 – ზე, არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი თავგადასავალი და ჩემს საყვარელ გოგოებთან ერთად ახდენილი ოცნება”, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი, თეო მაისურაძე. ის კოლეგებთან ერთად, გერმანიაში ესწრებოდა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ თამაშს.
იხილეთ ფოტო:
“ქართველი ყველაფერს შეძლებს.. გქონდეს ამბიცია და გწამდეს, რომ შეგიძლია.. თქვენ შემოგევლეთ ბიჭებოოოოოოო”, – წერს სიქთარვის საჯარო სკოლის ფეხბურთის მოყვარული დირექტორი ია კვატაია. დირექტორი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და სკოლის შენობაში მოსწავლეების გარემოცვაში უყურეს დაუვიწყარ თამაშს.
იხილეთ ფოტო:
“უქმე დღეა, დარჩით ოჯახებში და აღნიშნეთ, მე ვიმუშავებ თქვენს მაგივრად”, – ამის შესახებ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მორის დანდურიშვილი პედაგოგებისთვის “FACEBOOK” პოსტს წერს და კოლეგებისგან პასუხსაც იღებს – “აი, რატომ გვიყვარხართ. ჩვენ მაინც მოვალთ და ერთად აღვნიშნოთ”.
როგორც გავარკვიეთ, სკოლებში დიდი სიხარულია და გამარჯვების ზეიმისთვის ემზადებიან. გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, როგორ და სად აპირებთ ისტორიული გამარჯვების აღნიშვნას?