„დილა დავიწყეთ გამარჯვების ჰანგებით, ცეკვა-თამაშით“, – სკოლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ზეიმობენ (+ვიდეო)
ისტორია დაიწერა! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებული საგზური მოიპოვა. ამ ისტორიულ გამარჯვების სიხარულს სკოლებშიც უერთდებიან. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მათთან 27 მარტის დილა უჩვეულოდ, სიმღერითა და ცეკვა-თამაშით დაიწყო.
გაინტერესებთ, როგორი ზეიმია სკოლებში?
როგორც თბილისის 85-ე საჯარო სკოლაში EDU.ARIS.GE-ს უყვებიან, ისინი გამარჯებას დილიდან მოსწავლეებთან ერთად ზემობენ და სიხარულის ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ.
იხილეთ: ვიდეო
„დილა დავიწყეთ გამარჯვების ჰანგებით, ცეკვა-თამაშით. აღფრთოვანებული ბავშვები და კოლეგები ასე ვზეიმობთ გამარჯვებას. უბედნიერესები ვართ. ულევი გამარჯვება ჩვენს სამშობლოს”, – გვიხსნის სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, ნინო ქიმბარიშვილი.
საზეიმო განწყობაა თბილისის 191-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც მოსწავლეები ეროვნული ნაკრების მაისურებითა და საქართველოს დროშებით უჩვეულოდ ადრე, დილის 08:00 სათიდან გამოცხადდნენ.
იხილეთ: ვიდეო
რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მასწავლებლებს საქართველოს დროშით ხელში დახვდდნენ და გამარჯვება ასე მიულოცეს.
იხილეთ: ვიდეო
ვიდეოში ისმის, როგორი მონდომებით ასრულებენ ქართული საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად ქცეულ სიმღერას „დინამო! დინამო! დინამო!“-ს მოსწავლეები.
გამარჯვების ზეიმია რეგიონის სკოლებშიც.
ფოთის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, რომ ეჭვი არ ეპარებოდათ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაში და ამ დღეს შესაბამისი ტექნიკით მომზადებული დახვდნენ, რათა მოსწავლეებისთვის მუსიკა განსაკუთრებით მაღალ ხმაზე ჩაერთოთ და ამით საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აემაღლებინათ.
იხილეთ: ვიდეო
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთად უყურეს და გამარჯვების სიხარულიც ერთად გაიზიარეს.
იხილეთ: ვიდეო
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.