მუსიკალური შესვენებები რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში – „ეს მელოდია თავად დაწერა და გვთხოვა შეგვეფასებინა”
გაკვეთილებს შორის მუსიკალური შესვენება იდეალური განტვირთვაა. სწორედ ეს გზა შეარჩია რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მეათეკლასელმა მოსწავლემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სკოლელების ყოველდღიური რუტინის შემსუბუქებისთვის.
„სააქტო დარბაზში პიანინოს უჯდება და მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოების წევრებს საკუთარი ხელით დაწერილ მელოდიას ასმენინებს”, – ამბობს ხელოვნების პედაგოგი, ნატო ლაჩაშვილი და მუსიკალური შესვენების ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
როგორც პედაგოგმა EDU.ARIS.GE-ს უამბო, ასეთი მუსიკალური შესვენებები სკოლაში ხშირია. ნიკოლოზი ძირითადად საკუთარ შექმნილ კომპოზიციებს ასრულებს, თუმცა არც მასწავლებლებსა და მეგობრებს ეუბნება უარს მათი საყვარელი მუსიკის შესრულებაზე.
„ჩვენთან ფორტეპიანო სააქტო დარბაზში დგას, ძველია და ასაწყობი, მაგრამ მასზე ნიკოლოზი მაინც მშვენივრად ასრულებს. ეს მელოდია თავად დაწერა და გვთხოვა შეგვეფასებინა. მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც შესვენებებს განსაკუთრებით ველით. ვთხოვთ ხოლმე, ააწყოს და შეასრულოს ჩვენი საყვარელი მელოდიებიც და უარს არავის გვეუბნება. ასეთი მუსიკალური შესვენებები მოსწავლეების განწყობაზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს, შესვენებას კი ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნოს ხდის“, – გვითხრა მასწავლებელმა.
ქალბატონმა ნატომ ისიც გაგვიმხილა, რომ სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოსაშვები ღონისძიებისთვის მიუზიკლის დადგმა აქვთ დაგეგმილი და მათ აკომპანიმენტს სწორედ მეათეკლასელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი გაუწევს.
-
სკოლა „პოლიგლოტმა“ მორიგ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია by სკოლა პოლიგლოტი
-
კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიერ უსინათლოებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა