GE
14 მაისი, 2020 11:31

ღია ბარათი მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლეებს

მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონმა სოციალურ ქსელში მოსწავლეებისთვის ღია ბარათი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ სიახლეებზეა საუბარი, რაც მოსწავლეებს სექტემბრიდან სკოლაში დახვდებათ. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით, ბავშვებო! სკოლის დირექციის სახელით წერილს გიგზავნით, თქვენც თუ გინდათ რაიმე მოგვწეროთ ან რაიმე სურვილი თუ გაქვთ სკოლასთან დაკავშირებით, სკოლის გვერდზე მოგვწერეთ, ჩვენ გულდასმით წავიკითხავთ მას და გავითვალისწინებთ.

ძალიან გვენატრებით და გვახსოვხართ, გელოდებით ახალი სასწაულო წლიდან – თქვენ გელოდებათ თქვენი ფირუზისფერი სკოლა, შესავლელში ყვავილების გარდენია უფრო დამშვენდა, აკვარიუმში ისევ დაცურავენ წითელქუდა თევზები, გვერდით თქვენი გასახდელებია, სადაც ტანსაცმელი დაგრჩენიათ, ცეკვისა და სკოლის ფორმები, სპორტულები და ბევრი სხვა… დაგირეცხეთ, დაგიუთოეთ და პანსიონის საძინებელში შეგინახეთ.

წიგნებიც დაგრჩენიათ მერხებში, მათთვის ხელი არ გვიხლია, ისევ ისეთი სიყვარულით და სიხარულით გელოდებათ.

მამა მირიანი ბევრ სიურპრიზს დაგახვედრებთ სკოლაშიც და ეზოშიც; ყვავის და ბიბინებს თქვენი კლასების ეზოს ბაღები, სურო უკვე საკმარისად დაეხვია ხეებს, პატარა ხეებმაც მოიყვავილა, ჭერამმაც გაიკეთა ნაყოფი, თუთამაც და ტყემალმაც; მახსოვს, გიყვარდათ მათი მკვახე დაკრეფა, ახლა მწიფეს შეგინახავთ. აკილა ყოველდღე თქვენს მოლოდინშია, მდუმარედ ზის სკოლის შესასვლელთან და გზას გაჰყურებს.

თქვენი საყვარელი ეზო, რომელიც ტაძართან მიდის, თეთრი ყვავილებით მოვხატეთ, სპორტის გაკვეთილებზე იხტუნავებთ და მხიარულ სტარტებს ჩაატარებთ.

წყალი გიყვართ და წუწაობა, დიახ, ვიცით, ამიტომ ეზოში ახალი ხელსაბანი და შადრევანი დაგხვდებათ.

ძვირფასი მოსწავლეებო, ჩვენო პირველო მერცხლებო, გელოდებათ თქვენგან მონატრებული სკოლა, რომელსაც კიდევ.

უფრო მოვრთავთ და დავამშვენებთ სასექტემბროდ. ბევრ სიახლეს და სიურპრიზს გპირდებით, ამიტომ გვინდა თქვენი სურვილებიც გავითვალისწინოთ, რა გაგახარებთ, რას ინატრებთ, რის გაკეთებასაც შევძლებთ, შევეცდებით და გავაკეთებთ. სკოლის გვერდზე ხშირად დავდებთ ვიდეო მასალას, უყურეთ თქვენ თავსაც დაინახავთ.

ველოდებით თქვენს ბარათებს სკოლის ფოსტაშიც (რომელის დაცვის წინ დგას გამოატანეთ მშობლებს და შიგ ჩაგვიგდეთ) ან სკოლის ფესბუქ გვერდზე დაგვიწერეთ.

დიდი სიყვარულით მეფე თამარის სახელობის პრესსამსახური”, – აღნიშნულია ღია ბარათში.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი