GE
5 აგვისტო, 2024 11:05

„გზა, ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ“ – მასწავლებელი ვიცე-ჩემპიონი მოსწავლისა და შესრულებული პირობის შესახებ

პარიზის 2024 წლის ოლომპიურ ჩემპიონატზე ბევრი დებიუტანტი სპორტსმენი ვიხილეთ, მათ შორის საქართველოს გუნდშიც და ისინი მსოფლიო პრესის ყურადღების მიღმაც არ დარჩენილან. ერთ-ერთმა მათგანმა კი საქართველო ასახელა და 100 კგ წონით კატეგორიაში სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. ეს 23 წლის ძიუდოისტი, ილია სულამანიძეა.

იცით, კიდევ რით იყო გამორჩეული ილიას დებიუტი ჩემპიონატზე?! – მის ბრძოლებს, ოჯახის წევრებთან ერთად, პარიზში განსაკუთრებით ერთგული გულშემატკივარი, მშობლიური ტყიბულის 1-ელი საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი, “ლელა მასწი” – ლელა ქურციკიძე ესწრებოდა. პედაგოგმა თვითმფრინავით 5 საათი იფრინა, 3 367 კმ დაფარა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთი მიზნისთვის გააკეთა –  საამაყო მოსწავლისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა.

აი, რას ამბობს ლელა ქურციკიძე ილიასა და მისთვის მიცემული პირობის შესახებ:

„პრინციპულად ოლიმპიურ ოქროს ველოდი, მისი შესაძლებლობიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე. ჰოდა ახლა, ახალი პირობა და “მოთხოვნა” მაქვს – ოლიმპიურ ოქროს შემდეგ ოლიპიადაზე პირადად “ჩავიბარებ”, ლოს-ანჟელესში.

„ილია იყო კარგი მოსწავლე, ბრწყინვალე გონების პატრონი და ძალიან ნიჭიერი. თვითონ ერთ ინტერვიუში თქვა, არც თუ ისე კარგი მოსწავლე ვიყავიო და მე გადავირიე ეს როგორ თქვა – მეთქი. ბოლო წლებში მეტ დროს უთმობდა სპორტს. უაღრესად ზრდილობიანია, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ეს პირობა ილიას მეათე კლასში მივეცი, რომ პარიზში დარბაზიდან ვუგულშემატკივრებდი, თორემ ყველა შეხვედრას ვნახულობ კომპიუტერში. გზა ტყიბულიდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთად გავიარეთ. მთელი სკოლა და პედაგოგები ერთგულად ვგულშემატკივრობთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს”, – გვიყვება ლელა მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის ფინალში ილია სულმანიძე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ მეტოქესთან ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილება) შემდეგ დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტები უკვე საქართველოში არიან, მათ გულშემატკივარმა საზეიმო საზეიმო დახვედრა მოუწყო.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში