GE
14 დეკემბერი, 2023 11:55

გზავნილი ფართო სასკოლო საზოგადოებისთვის – სკოლა „ევრო-2000“-ის მოხალისეობრივი აქტივობა მოსწავლეთა მონაწილეობით

13 დეკემბერს კერძო სკოლა „ევრო-2000“-მა საკუთარი Facebook-ის გვერდზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მებაღესთან, ვარდო ვერულიძესთან ჩაწერილი ინტერვიუს კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორი ინტერესითა და ყურადღებით ესაუბრებიან მესამეკლასელები სკოლის მებაღეს და მისგან მცენარეების ზრუნვასთან დაკავშირებულ რჩევა-დარიგებებს იღებენ.

„მცენარე რომ არ იყოს, არც სუფთა ჰაერი გვექნებოდა. ყვავილების მოვლა ცოტა რთული საქმეა, მაგრამ, როცა გიყვარს, შეძლებთ და შვილივით მოუვლით მათ. ჰოლანდიური ვარდის ჯიშებს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდებათ. თოვლმა და ყინვამ რომ არ გააფუჭოს, აი, ასე უნდა გამოიყურებოდნენ“, – ესაუბრება ინტერვიუში მებაღე მოსწავლეებს.

ბათუმში მდებარე კერძო სკოლა, „ევრო-2000“, EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ ინტერვიუს ფორმატის საუბრები სკოლაში დასაქმებულ სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებთან სკოლის უმნიშვნელოვანესი აქტივობა და ერთგვარი გზავნილია ფართო სასკოლო საზოგადოებისთვის. სკოლაში თვლიან, რომ სწორედ ასეთი აქტივობები უწყობს ხელს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდანვე ჩამოყალიბდეს უმცროს და უფროს თაობებს შორის თბილი, ორმხრივი კომუნიკაცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ვიდეო-ინტერვიუების სერიაც, რომელიც მოსწავლეები თავად ატარებენ და ერთგვარად, მათი მოხალისეობრივი საქმიანობის ნაწილიცაა.

ვიდეო

„გვინდა, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი სასწავლო პროცესის შესახებ, გაეცნონ, რა სახის სამუშაო ტარდება სკოლაში, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული აქ დასაქმებული კადრის მუშაობა, რა არის მათი მოვალეობები, როგორ შეიძლება უფროსი თაობის წევრების საქმიანობის დაფასება, პატივისცემა და რა ტიპის მოხალისეობრივი სამუშაო შეუძლიათ გასწიონ თავად მოსწავლეებმა სკოლაშივე ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – ასე აგვიხსნეს სკოლაში აქტივობის მნიშვნელობა.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში