კითხვები სასკოლო ფორმებსა და წიგნებზე, რომლებიც რეფორმის ავტორთა პასუხებს ელის – რას ითხოვს მშობელი სახელმწიფოსგან
ავტორი: მანანა ხვედელიძე, მშობელი, მათემატიკოსი, სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერი
ფორმა რეფორმა არ არის – რას მისცემს სკოლა ჩემს შვილს?
ამას ვწერ როგორც მასწავლებელი და მეთოდისტი, რომელმაც იცის, რა დიდი შრომა დგას ერთი ხარისხიანი გაკვეთილის უკან. ამას ვწერ როგორც მშობელი, რომელსაც აქვს უფლება იკითხოს:
რას მისცემს სკოლა ჩემს შვილს ფორმის გარდა?
მე არ ვეწინააღმდეგები მოწესრიგებულ ჩაცმულობას. არც ტელეფონის გაკვეთილზე უმიზნო გამოყენებას ვამართლებ.
მე ვეწინააღმდეგები იმას, რომ განათლების სისტემის ყველაზე მძიმე პრობლემები გარეგნული წესრიგით შეინიღბოს.
დღეს საუბარია ფორმებზე და ტელეფონებზე, მაშინ როდესაც უამრავი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ სწავლობს საკუთარ სკოლაში. ზოგი სხვა სკოლის შენობაშია დროებით განთავსებული, ზოგი მეორე ან მესამე ცვლაში სწავლობს, ზოგს შემცირებული აქვს საგაკვეთილო დრო, ზოგი ოჯახი კი ბავშვის არასტაბილური განრიგის გამო იძულებულია, სამუშაო და ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
ეს მხოლოდ ტექნიკური ან საორგანიზაციო პრობლემა არ არის.
ეს მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოების განცდაზე, ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკურ მდგომარეობასა და სწავლის მოტივაციაზე.
განსაკუთრებით რთულია გარემოს შეცვლა სსსმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ წინასწარ დაგეგმილი ტრანზიცია, ნაცნობი სივრცე, სტაბილური რუტინა და შესაბამისი სპეციალისტების მხარდაჭერა.
სხვა სკოლის შენობაში გადაყვანილი ბავშვი ზოგჯერ თავს სტუმრად კი არა, ხიზნად გრძნობს. მას შეიძლება მასპინძელი სკოლის მოსწავლეებისგან დამამცირებელი სიტყვების მოსმენაც მოუწიოს:
„თქვენ აქაურები არ ხართ“.
და ამ დროს სისტემა მისი პერანგის ფერზე გვესაუბრება.
ფორმა ჯერ მზად არ არის – ვალდებულება კი უკვე შემოდის
ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ფორმა I–VI კლასებში უნდა დაინერგოს, თუმცა სასწავლო წლის დასაწყისისთვის ფორმებით თავდაპირველად მხოლოდ პირველკლასელთა უზრუნველყოფაა დაგეგმილი, დანარჩენი კლასებისთვის კი მიწოდება ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს.
მშობელმა რა უნდა გააკეთოს?
ჯერ ჩვეულებრივი სასკოლო ტანსაცმელი შეიძინოს და რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ — სავალდებულო ფორმაც?
ყველა ოჯახს აქვს ამის შესაძლებლობა?
ბავშვს ერთი კომპლექტი ეყოფა?
რა მოხდება, როდესაც ფორმა გაირეცხება, დასველდება, დაზიანდება ან ბავშვს ზომაში აღარ მოერგება?
მე სახელმწიფოსგან უფასო ფორმას არ ვითხოვ.
მე ვითხოვ ხარისხიან განათლებას და მშობლის არჩევანის პატივისცემას.
ჩემი შვილი სკოლაში მოწესრიგებულად უნდა დადიოდეს, მაგრამ რატომ უნდა ვიყო ვალდებული, ჩავაცვა კონკრეტული მიმწოდებლის მიერ შეკერილი კონკრეტული ტანსაცმელი?
შესაძლებელია არსებობდეს გონივრული ჩაცმის კოდექსი – განსაზღვრული ფერი, აკადემიური სტილი და უსაფრთხოების მოთხოვნები – ხოლო მშობელს დარჩეს შესაძლებლობა, ხარისხი, ქსოვილი, ზომა და მწარმოებელი თავად შეარჩიოს.
რატომ არ გამოვიყენეთ საქართველოს ადგილობრივი ბაზარი?
ფორმების სახელმწიფო შეკვეთა მილიონობით ერთეულს და ათეულობით მილიონ ლარს მოიცავს.
ეს მხოლოდ ტანსაცმლის შეძენა არ არის.
ასეთი მოცულობის სახელმწიფო დაკვეთა ნიშნავს:
- სამუშაო ადგილებს;
- საწარმოების გაფართოებას;
- პროფესიული კადრების მომზადებას;
- რეგიონულ დასაქმებას;
- ქვეყანაში დარჩენილ გადასახადებსა და ეკონომიკურ სარგებელს.
რატომ არ იქცა ეს შეკვეთა ქართული წარმოების განვითარების შესაძლებლობად?
ჩატარდა თუ არა ადგილობრივი სამკერვალოების შესაძლებლობების სრულყოფილი კვლევა?
რატომ არ დაიყო შეკვეთა რამდენიმე ლოტად, რათა მასში მცირე და საშუალო საწარმოებიც ჩართულიყვნენ?
რატომ არ შეეძლოთ ქართულ კომპანიებს კონსორციუმის შექმნა?
რატომ არ განისაზღვრა, რომ წარმოების ნაწილი მაინც საქართველოში შესრულებულიყო?
თუ ქართული ბაზარი დღეს ასეთი შეკვეთისთვის მზად არ არის, მაშინ რატომ არ გამოიყენა სახელმწიფომ ეს პროექტი მისი გაძლიერებისთვის?
ერთი მხრივ ვამბობთ – „აწარმოე საქართველოში“, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ბავშვებისთვის განკუთვნილი მილიონობით ერთეული ტანსაცმლის წარმოება მთლიანად ქვეყნის გარეთ გაგვაქვს.
ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ ლოზუნგებით ვერ განვითარდება.
მას სჭირდება შეკვეთა, ნდობა, სტანდარტი და ზრდის შესაძლებლობა.
მშობელს აქვს უფლება იცოდეს, რას აცმევენ მის შვილს, წარმოების ქვეყანა თავისთავად არც პროდუქტის საფრთხეს ამტკიცებს და არც მის უსაფრთხოებას.
მეცნიერულად არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ უცხო ქვეყანაში წარმოებული ნებისმიერი ტანსაცმელი აუცილებლად უხარისხოა.
მაგრამ ასეთივე არასაკმარისია მშობელს მხოლოდ უთხრა:
„ფორმა მაღალი ხარისხის იქნება“.
სავალდებულო საბავშვო ტანსაცმლის შემთხვევაში საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს:
- ქსოვილისა და სარჩულის ზუსტი შემადგენლობა;
- მწარმოებლისა და მიმწოდებლის სრული მონაცემები;
- აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნები;
- საღებავების, ფორმალდეჰიდის, აკრძალული აზოსაღებავებისა და მძიმე მეტალების კვლევის შედეგები;
- ქსოვილის ჰაერგამტარობა;
- ფერის მდგრადობა;
- რეცხვის შემდეგ ზომისა და ფორმის ცვლილება;
- თითოეული მიწოდებული პარტიის შემოწმების წესი.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის, ატოპიური კანისა და სენსორული მგრძნობელობის მქონე ბავშვებისთვის.
თუ პროდუქტის ტარება სავალდებულოა, მისი უსაფრთხოების მტკიცებულებაც საჯარო უნდა იყოს.
ტელეფონს ვკეტავთ, მაგრამ ციფრულ წიგნიერებას არ ვასწავლით ტელეფონმა გაკვეთილი არ უნდა ჩაშალოს.
ბავშვი გაკვეთილზე სოციალურ ქსელებში არ უნდა იყოს და არც ფარულად უნდა იღებდეს ვიდეოებს.
მაგრამ მხოლოდ მოწყობილობის ჩამორთმევა ციფრული განათლება არ არის.
სახელმძღვანელოებში QR-კოდებს ვათავსებთ, მაგრამ ყველა ბავშვს აქვს მათი გახსნის საშუალება?
ყველა მოსწავლეს აქვს შესაბამისი ტელეფონი ან ინტერნეტი?
რატომ უნდა იყოს საჯარო განათლების ნაწილის მიღება ოჯახის მიერ შეძენილ კერძო მოწყობილობაზე დამოკიდებული?
რატომ არ არის ყველა საკლასო ოთახში სკოლის კუთვნილი კომპიუტერი, პროექტორი, პლანშეტი ან ეკრანი?
QR-კოდი თანამედროვე განათლება არ არის, თუ მისი გამოყენებისთვის სკოლაში პირობები არ არსებობს.
ბავშვს უნდა ვასწავლოთ:
- როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია;
- როგორ დაიცვას პირადი მონაცემები;
- როგორ ამოიცნოს დეზინფორმაცია;
- როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებლობით;
- როგორ მართოს ეკრანთან გატარებული დრო;
- როგორ აქციოს ტელეფონი მხოლოდ თამაშის მოწყობილობიდან ცოდნის ინსტრუმენტად.
თუ ამას სკოლაში არ ვასწავლით, სახლში ყველა მშობელი ვერ შეძლებს. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ უკავშირდება ბავშვისთვის ტელეფონი მხოლოდ თამაშს, მოკლე ვიდეოებსა და გართობას.
ხარისხიანი განათლება გარდერობში არ იწყება.
დღევანდელი თაობის ბავშვის დაინტერესება ცარიელ საკლასო ოთახში მხოლოდ დაფითა და მასწავლებლის მონოლოგით შეუძლებელია.
ყველა კლასში უნდა იყოს ყოველდღიურად გამოსაყენებელი:
- თანამედროვე ტექნიკა;
- ვიზუალური მასალები;
- მოდელები;
- ლაბორატორიული მოწყობილობები;
საგანმანათლებლო თამაშები;
კვლევითი და პროექტული სამუშაოების რესურსები.
რესურსი, რომელიც ცალკე ოთახშია ჩაკეტილი და მტვერს აგროვებს, სასწავლო რესურსი აღარ არის. ის მხოლოდ ინვენტარიზაციის სიაში არსებული ნივთია.
კლასშიც არ უნდა იჯდეს იმდენი მოსწავლე, რომ მასწავლებელს თითოეული ბავშვის მოსმენის, დახმარებისა და ინდივიდუალური საჭიროების დანახვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს.
მასწავლებლის ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლების მთელი სისტემა მხოლოდ მისი პირადი ენერგიის ხარჯზე ვერ იარსებებს.
ბავშვს მასწავლებლის კივილ-წივილის მოსმენა არ უნდა უხდებოდეს, მასწავლებლის შრომა რთულია. გადატვირთული კლასი, რესურსის ნაკლებობა, ემოციური დაძაბულობა და დიდი პასუხისმგებლობა ადამიანს ფიტავს. მასწავლებელს სჭირდება ღირსეული ანაზღაურება, პროფესიული მხარდაჭერა, დასვენება და ფსიქოლოგიური დახმარება. მაგრამ ვერც ერთი სისტემური პრობლემა ვერ გაამართლებს ბავშვისთვის ყვირილს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვას ან საჯაროდ დამცირებას. როდესაც მასწავლებელი ერთ ბავშვს უყვირის, კლასში მყოფი ყველა ბავშვი ამ აგრესიის მსმენელია. შეიძლება ისინი მშვიდად სხედან და არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ იძულებული არიან მოისმინონ ზრდასრული ადამიანის ყვირილი.
მოსწავლეებს ჩემთვის უთქვამთ:
„ეს მასწავლებელი სულ კივის“.
ამ დროს ბავშვი გაკვეთილის თემას აღარ უსმენს.
მის გონებაში მხოლოდ ერთი კითხვა რჩება:
„რა აკივლებს ამ მასწავლებელს?
სკოლა, რომელიც ბავშვის ტანსაცმელს მკაცრად არეგულირებს, მაგრამ ზრდასრულის დამამცირებელ ქცევაზე თვალს ხუჭავს, მთავარ პრობლემას ვერ ხედავს. მასწავლებელი იმიტომ გქვია, რომ ბავშვს სწორი ქცევა ასწავლო. შეიძლება იყო მკაცრი, შეიძლება დააწესო საზღვარი,
შეიძლება მოითხოვო პასუხისმგებლობა, მაგრამ ავტორიტეტი ხმის სიმაღლით არ იზომება.
დისციპლინა შიში არ არის; სიჩუმე ყოველთვის სწავლა არ არის.
რას ვითხოვ როგორც მშობელი?
მე ვითხოვ სკოლას, სადაც ბავშვს საკუთარი ადგილი აქვს.
ვითხოვ სრულ საგაკვეთილო დროს.
ვითხოვ მართვადი რაოდენობის კლასს.
ვითხოვ თანამედროვე, ფუნქციურ და ყოველდღიურად ხელმისაწვდომ რესურსებს.
ვითხოვ სსსმ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს.
ვითხოვ მასწავლებელს, რომელსაც სისტემა მხარს უჭერს, მაგრამ მისგან პროფესიულ პასუხისმგებლობასა და თვითკონტროლსაც მოითხოვს.
ვითხოვ სკოლას, სადაც ბავშვს არც მოსწავლე დაამცირებს და არც ზრდასრული.
ვითხოვ ციფრულ განათლებას და არა მხოლოდ ტელეფონის ჩამორთმევას.
ვითხოვ გამჭვირვალე პასუხს, რატომ არ გამოიყენეს ასეთი მასშტაბის სახელმწიფო დაკვეთა ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად.
ვითხოვ ფორმის ქსოვილის, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული დოკუმენტაციის გამოქვეყნებას.
მე არ ვითხოვ, რომ სახელმწიფომ ჩემს შვილს უბრალოდ ჩააცვას.
მე ვითხოვ, რომ სახელმწიფომ ჩემს შვილს ხარისხიანად ასწავლოს.
პირველ კლასში ბავშვი სკოლაში დიდი ენთუზიაზმით შედის. რატომ ქრება ეს ენთუზიაზმი მაღალ კლასებში?
ბავშვს მხოლოდ პირველ დღეს არ სჭირდება სიხარული. მას ყველა ასაკში სჭირდება საინტერესო გაკვეთილი, თანამედროვე გარემო, ღირსების დაცვა და განცდა, რომ სკოლა მისთვის არსებობს.
სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს, ფორმა რეფორმა ვერ იქნება.
იგი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკანაც სისტემა საკუთარ უმთავრეს პრობლემებს მალავს.
სისტემა ნიღაბს იკეთებს, ბავშვებს კი ფორმას აცმევს.
მივმართავ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო / State Procurement Agency, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გთხოვთ, საზოგადოებას მიაწოდოთ საჯარო, კონკრეტული და დოკუმენტებით გამყარებული პასუხები.
ეს არ არის მხოლოდ ფორმის საკითხი. ეს არის განათლების ხარისხის, ბავშვის უფლებების, მშობლის არჩევანის, პროდუქტის უსაფრთხოების, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ქართული წარმოების განვითარების საკითხი.
ამავე თემაზე:
დადგინდა რა ეღირება სასკოლო ფორმის ერთეულები ბიჭისთვის და გოგოსთვის – ბრძანება
-
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“ by სკოლების ამბები
-
სასკოლო წიგნის ყდა თუ შინაარსი? – რა ვიცით ახალ სახელმძღვანელოებზე განათლების მინისტრისგან by სკოლების ამბები
-
თუ შენს შვილს პირველ კლასში რეგისტრაცია ონლაინ, 15 ივნისიდან უწევს – გაიარე რეპეტიცია by სკოლების ამბები