სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – ყველა სიახლე და ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებს შეეხოთ
დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესს არაერთი სიახლით იწყებენ, მათ შორის კი არის:
სასკოლო ფორმები
დღეიდან, საქართველოს საჯარო სკოლებში I-VI კლასების მოსწავლეებისთვის ფორმის ტარება სავალდებულოა, თუმცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კარი კუბოკრული თუ ლურჯი პიჯაკებით დღეს მხოლოდ პირველკლასელებმა შეაღეს, დაწყებითი საფეხურის დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი სასკოლო სამოსი ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის ფორმის ყიდვა პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.
მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები
დღეიდან, საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო პროცესში მობილურ ტელეფონებს/სმარტფონებს, „ჭკვიან“ საათებს, პლანშეტურ და პორტატიულ კომპიუტერებს არამიზნობრივად ვეღარ გამოიყენებენ. სკოლაში მისულმა ბავშვმა მობილური ტელეფონი ან „ჭკვიანი“ საათი, გამორთულ მდგომარეობაში, სპეციალურად მოწყობილ დაცულ სათავსში, ხოლო პლანშეტური ან პორტატიული კომპიუტერი, ასევე გამორთული, ან ჩანთაში ან სათავსში უნდა განათავსოს – პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულების ჩათვლით – იგულისხმება შესვენებებიც. სიახლე დაწყებითი, საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეებს ერთნაირად ეხებათ. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი მათ დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, „სასჯელის“ ტიპს სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს.
ახალი წიგნები
დღეიდან, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა სრულიად ახალი სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი სიახლე – „ერთი სახელმძღვანელოს“ პრინციპი ნაწილობრივ ამოქმედებულია. როგორც განათლების სამინისტრო გვპირდება, ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს.
ცვლილებები საგნების სწავლების მიხედვით
ქართული ენა და ლიტერატურა – I-VI, VIII და X-XII კლასების მოსწავლეები ისწავლიან საგანს – „ქართული ენა და ლიტერატურა“. VII და IX-კლასელები კი „ქართულ ენას“ და „ქართულ ლიტერატურას“ ისწავლიან ცალ-ცალკე საგნებად.
ინგლისური ენა – I კლასში აღარ ისწავლება. მისი შესწავლა II კლასიდან დაიწყება.
ისტორია – VII კლასში ისწავლება საგანი „მსოფლიოს ისტორია“ და ისწავლება , VIII-IX და XI-XII კლასებში – საგანი „ისტორია“ და VII და X-XII კლასებში – საგანი „საქართველოს ისტორია“.
ქიმია – აღნიშნულ საგანს VII-XII-კლასელები ისწავლიან.
სამოქალაქო განათლება – მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ და ისწავლიან VII-XII კლასების მოსწავლეები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – XI-XII კლასებში.
ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი ყველა სხვა სიახლე და ცვლილება შეგიძლიათ ნახოთ დამტკიცებულ დოკუმენტში საგნების მიხედვით
ასევე იხილეთ:
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები
-
სასკოლო ფორმების შეძენას ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობითაც შეძლებთ – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები