ახალი სასწავლო წლის პირველი დღე სასკოლო ფორმებით – „100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა“
საქართველოს საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის არაერთი ცვლილებით, კონკრეტულად მოსწავლეებისთვის კი, მათ შორის შეზღუდვებითა და ვალდებულებებით დაიწყო. დღეს, 15 სექტემბერს, სწავლის დაწყების პირველივე დღეს, თვალშისაცემი გახდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დანერგილი სიახლე – სასკოლო ფორმები, რომლებიც I-VI კლასების მოსწავლეებმა სავალდებულოდ უნდა ატარონ. თუმცა, დღეისთვის ფორმები მხოლოდ პირველკლასელებმა მოირგეს, დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეებმა კი, ვიდრე მათთვის ჩინეთში ფორმები შეიკერება, სკოლის კარი საკუთარი სურვილით შერჩეული სამოსით შეაღეს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში დილიდან, ტრადიციულად, ხალხმრავლობა და მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. მღელვარებას განსაკუთრებით ვერ მალავდნენ მშობლები, რომელთა შვილებისთვისაც დღეს სკოლის ზარი პირველად დაირეკა. EDU.ARIS.GE-მ, რომელიც დღეს თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, გადაწყვიტა, სწორედ პირველკლასელთა მშობლების მოლოდინების, სურვილების შესახებ მოესმინა და რეფორმის ხელშესახები შედეგის – სასკოლო ფორმის ავ-კარგიანობაც გაეანალიზებინა.
ციცი ფანგანს, რომელმაც დღეს სკოლაში მეოთხე შვილი შეიყვანა, ფორმაც მოსწონს და მისი ფასიც. მშობელი სასკოლო სამოსის სხვა პრაქტიკულ დეტალებზეც გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ ზოგადად, კმაყოფილია ჩინეთში შეკერილი ფორმებით და საქართველოში, რომელიმე ადგილობრივ სამკერვალოში, იდენტური ტანსაცმლის შეკერვაზე არც უფიქრია:
„ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ბავშვმა ფორმა რომ ჩაიცვა, აღარ იხდიდა, ისე მოეწონა. ზოგადად, მიხარია ფორმებთან დაკავშირებული სიახლე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ბიუჯეტურია და მოსაგვარებლადაც უფრო მარტივია. ჩვენ განათლების სამინისტროს ფორმა შევიძინეთ. ზოგი აკერინებს, თუმცა, მე გადავწყვიტე, მეყიდა. ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. ერთი პიჯაკი და ორი შარვალი ვიყიდეთ და 71 ლარი გადავიხადეთ 20%-იანი ფასდაკლებით. 70 ლარად პიკაჯს და ორ შარვალს სხვა დროს უბრალოდ ვერ ვიყიდდით“.
მაია კაველიძის შეფასებით, სასკოლო სამოსი სინთეტიკურია, თუმცა სუფთა ბამბის სარჩული აქვს. როგორც მშობელი ამბობს, ფორმაში შემავალი კომპონენტები მარტივად ირეცხება და არც მათი გაუთოვება წარმოადგენს სირთულეს:
„დიდი მოლოდინით შევდივართ პირველ კლასში. იმედი მაქვს, რომ წარმატებული ბიჭი იქნება. ერთნაირად შემოსილი ბავშვები მომწონს, კარგია. შესაძლოა, ამას რაღაც უარყოფითი ნიუანსებიც ჰქონდეს, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც მოსაწონია. სასკოლო ფორმაზე იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომ ვაიმე, სინთეტიკაა – კი, სინთეტიკაა, მესმის, მაგრამ არ არის ისეთი ხარისხი, როგორც ამას ხატავდნენ. რა თქმა უნდა, 100%-ით ბამბა არ არის, მაგრამ ჩაიცმევა. შარვალსაც და პიჯაკსაც სუფთა ბამბის სარჩული აქვს. ისეთი უხეში ქსოვილი არ არის, როგორც ამას სოციალურ ქსელში ახასიათებდნენ. ჩვენ შევიძინეთ განათლების სამინისტროს მიერ ჩამოტანილი ჩინეთში შეკერილი ფორმები. თავიდან ვფიქრობდი, ერთ პიჯაკსა და ერთ შარვალს ვუყიდი მხოლოდ და მეორე შარვალს შევაკერინებ-მეთქი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, რომ მეორე შარვალიც მეყიდა. ფორმა მარტივად ირეცხება, გაუთოვებაც მარტივია. მე პირადად ჩვეულებრივი უთოთი ძველებურად – სველი ნაჭრით გავაუთოვე. პიჯაკზე კი ორთქლის უთო დავახმარე“.
ერთნაირ პიჯაკებში, შარვლებსა და ქვედაკაბებში გამოწყობილი ბავშვები ძალიან მოსწონს კიდევ ერთ ჩვენს რესპონდენტს, თუმცა შენიშვნა აქვს სასკოლო ტანსაცმლის სეზონურობასთან დაკავშირებით.
„ძალიან უხდებათ ფორმები ბავშვებს. ახლა, რომ ვუყურებ პირველკლასელებს, ძალიან ლამაზები არიან. თავიდან წარმოდგენა მქონდა, რომ საშინელება იქნებოდა, მაგრამ – არა, ძალიან მომეწონა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, შარვალი თხელია, ჩემი შვილი შარვლის შიგნით არაფერს იცვამს და იმედი მაქვს, რომ ზამთრისთვის რამე ალტერნატივა გვექნება. ფორმა უკვე გავრეცხე და დავაუთოვე. ძალიან არ იჭმუჭნება, უთო კი ისედაც ყველაფერს სჭირდება. მარტივად უთოვდება, ჩვეულებრივი უთოთი“, – ამბობს პირველკლასელის მშობელი.
ფორმა „არ ბრწყინავს“ და არც „ძალიან ცუდია“ რუსუდან გენებაშვილისთვის. მშობლის თქმით, სასკოლო სამოსის ხარისხზე სოციალურ ქსელებში გაკეთებული უარყოფითი შეფასებები და რეალური სურათი ერთმანეთისგან განსხვავებულია:
„დღეს ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. ჩემი მესამე შვილი შედის სკოლაში. ერთი სული ჰქონდა, რომ ფორმა ჩაეცვა და წამოსულიყო, თან უხდება და მეც მომწონს. ზოგადად, სასკოლო ფორმას მივესალმები, ბავშვებს შორის სხვანაირ დამოკიდებულებებს ჩამოაყალიბებს. რაც შეეხება ხარისხს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩემი აზრით, ნორმალური ხარისხისაა – არ ბრწყინავს, თუმცა არც ძალიან ცუდია. ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, რომ მთლად ასეთიც არ არის. ფორმა უკვე გავრეცხე, ორთქლის უთოთი გავაუთოვე შარვალიც და პიჯაკიც“.
თეონა ნასყიდაშვილისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ფორმა სავალდებულო არა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის, არამედ მაღალი კლასების მოსწავლეებისთვისაც იყოს.
„ბავშვს ფორმა რომ ჩავაცვი, ძალიან მოეწონა და გაუხარდა. მესამე შვილი შემყავს სკოლაში, მშვენიერი განწყობა გვაქვს, გახარებული და ბედნიერები ვართ. ფორმა ჯერ არ გამირეცხავს და არ ვიცი, იჭმუჭნება თუ არა ძალიან. დაუთოვებით კი მარტივად დავაუთოვე. კმაყოფილი ვარ, ნორმალური, კარგი ფორმაა. თავიდანვე რომ ითქვა, რომ ფორმები სავალდებულო ხდებოდა, გამიხარდა, ვთქვი – „რა კარგია-მეთქი“. თუმცა, ვფიქრობ, რომ სჯობდა პირველკლასელების ნაცვლად, მაღალკლასელებს სცმოდათ და თუ მათთვისაც სავალდებულო გახდება, კარგი იქნება“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს თეონა ნასყიდაშვილმა.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო – ყველა სიახლე და ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეებს შეეხოთ by სკოლების ამბები
-
როცა მოსწავლე საქართველოს სკოლაში გადმოდის – უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესი ამოქმედდა by სკოლების ამბები
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები