GE
23 სექტემბერი, 2026 10:20

დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ

საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო 2026-2027 სასწავლო წლიდან გახდა. ამის მიუხედავად, ფორმა ჯერ მხოლოდ პირველკლასელებმა მოირგეს, II-დან VI-კლასების ჩათვლით მოსწავლეები კი მას პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაიცვამენ მას შემდეგ, რაც ფორმაში შემავალი კომპონენტები ჩინეთში შეიკერება და საქართველოში გაიყიდება.

იმის გარდა, რომ ამ კლასებისთვის ფორმა სავალდებულოდ შემოვიდა, საჯარო სკოლების შინაგანაწესით სასკოლო ფორმის ტანსაცმელთან შესათავსებელი სამოსის სახეობა და ფერიც განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილი დაწყებით საფეხურზე სწავლობს, მას პიჯაკის შიგნით წითელ, ყვითელ, ვარდისფერ ან ნებისმიერ სხვა კონტრასტული ფერის სამოსს ვეღარ ჩააცმევთ.

EDU.ARIS.GE თბილისისა და რეგიონის საჯარო სკოლების მაგალითზე გიჩვენებთ, რა ჩაიწერა სკოლის შინაგანაწესში და რა მიიჩნევა სასკოლო ფორმის ტანსაცმელთან შესათავსებელ სამოსად.

სასკოლო ფორმის ტანსაცმელთან შესათავსებელი სამოსი მოიცავს პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელ ზედა სამოსს. პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელი ზედა სამოსი შესაძლებელია იყოს:

  1. პერანგი ან ბლუზა;
  2. პოლოს ტიპის მაისური;
  3. სადა მაისური;
  4. მაღალსაყელოიანი ზედატანი;
  5. სვიტერი ან ჯემპრი.

პიჯაკის ქვეშ ჩასაცმელი ზედა სამოსის ძირითადი ფერი უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი:

  • თეთრი
  • ცისფერი ან ღია ლურჯი
  • ღია ნაცრისფერი

დასაშვებია ამ ფერების ერთმანეთთან კომბინაცია.

დადგენილია, რომ ზედატანი უნდა იყოს სადა. მასზე არ უნდა იყოს განთავსებული დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერა, გამოსახულება, ორნამენტი.

დასაშვებია:

1. მცირე ზომის მწარმოებლის ნიშანი;
2. სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე ზომის დეკორატიული ელემენტი, თუ იგი არ განსაზღვრავს სამოსის ძირითად ფერს.

სკოლების შინაგანაწესში ასევე გაწერილია, რომ:

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კლასის დამრიგებელი ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

კონტროლი უნდა განხორციელდეს მოსწავლის პირადი სივრცისა და ღირსების დაცვით. დაუშვებელია მოსწავლის საჯაროდ შემოწმება, გაკრიტიკება ან სხვა მოსწავლეებისგან დამამცირებელი ფორმით გამორჩევა.

ასევე იხილეთ: 

„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის

schools.ge (ნ)