„კოდის ერთი საათი“ – როგორ გააერთიანა სამტრედიის ორი სკოლის მოსწავლეები ისტ-ის მასწავლებელმა
დეკემბერი ტექნოლოგიების მოყვარული ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული თვეა. ამ დროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთიანდება და ერთი საათის განმავლობაში ერთად წერენ პროგრამულ კოდს. სწორედ ამ კამპანიაში ჩაერთვნენ სსიპ-სამტრედიის N4 საჯარო სკოლისა და სსიპ-ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათი მასწავლებლის წყალობით.
როგორც ორივე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, თეა მეფარიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ეს არის ერთის მხრივ, ადამიანების შემოქმედების აღიარება და პროგრესის ზეიმი, ხოლო მეორეს მხრივ, ძალიან კარგი სტარტი მოსწავლეებისთვის, კოდის წერაში საკუთარი ძალები მოსინჯონ.
აქტივობის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს პროგრამირება და მისი საფუძვლები: ალგორითმები და ალგორითმიზაცია, ცვლადები, მასივები, მოვლენები, პირობითი ბრძანებები, ფუნქციები, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები. ასევე, განუვითაროს ისეთი გამჭოლი უნარები, როგორიცაა პრობლემების გადაწყვეტების მოფიქრება, ექსპერიმენტირება, შეუპოვრობა და გამძლეობა, დასახული ამოცანის ბოლომდე შესრულება, შეცდომების ახალ ცოდნად ქცევა, თანამშრომლობა.
მასწავლებელი კოდის ერთი საათის მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა და აგვიხსნა, რომ კოდის ერთი საათი ეს არის ღია აქტივობა, რომელიც უამრავ მოსწავლეს და ზრდასრულს აძლევს შესაძლებლობას, თავად გამოსცადონ პროგრამირება და მოკლე დროში დაინახან პროგრესი.
„ვცდილობთ, ყოველწლიურად შეუერთდეთ HOUR OF CODE-კოდის ერთი საათის გლობალურ კამპანიას და ნაწილს ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა. წელს ორი სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ და სამი გაკვეთილის ფარგლებში ცალ-ცალკე, ხოლო შემდგომში ერთობლივი აქტივობით, ხალისით ჩაერთვნენ MINECRAFT-ის გარემოში მიმდინარე სასწავლო პროცესში, სადაც შემოქმედებითი თავგადასავლებით შეიძინეს პროგრამირების პრაქტიკული უნარები. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს აქტივობა ყოველთვიურად განვახორციელოთ და მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს, რადგან კოდინგი ნებისმიერი პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასაწყებად კი სულაც არ დაგჭირდებათ წინასწარი ცოდნა და გამოცდილება“, – ამბობს სსიპ-სამტრედიის N4 საჯარო სკოლისა და სსიპ-ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლების ისტ-ის მასწავლებელი.
თეა მეფარიშვილი იხსენებს, რომ პირველი გაკვეთილის დასრულებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ ეს იყო მისთვის ამ წლის საუკეთესო დღე, რადგან ძალიან გაერთო, კოდი შექმნა და დაასრულა პირველი აქტივობა. მეორე გაკვეთილზე კი, ყველა მათგანს ჰქონდა პასუხი მასწავლებლის კითხვებზე და უკვე თავიანთი სიტყვებით შეეძლოთ განემარტათ საწყისი ცნებები, რის სწავლაც დაიწყეს. მესამე გაკვეთილზე პირველად იმუშავეს ჯგუფურად, დავალების შესრულების შემდეგ გააკეთეს პრეზენტაციები, ახსნეს როგორ იმუშავეს, რა კოდი დაწერეს და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
„აქტივობის მიმდინარეობისას ხშირად მოისმენდით მოსწავლეთა შეძახილს: „მივხვდი“, „მუშაობს“, „გამომივიდა“, „კოდის ერთი საათი, ძალიან მაგარია“. ისინი ამ ფრაზებს სხვადასხვა ენაზე იმეორებდნენ, რადგან თვლიან, რომ ამ ქმედებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს უერთდებოდნენ. ეს მსოფლიო მოძრაობაა, რომელიც ბავშვებს აჩვენებს, როგორ ხდება იმ აპლიკაციების შექმნა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იყენებენ. ეს უდიდესი საგანმანათლებლო ღონისძიებაა. ორგანიზატორებმა ამბიციური მიზანი დაისახეს, რომ 10 მილიონი მოსწავლე გაეერთიანებინათ ერთი მიზნის ირგვლივ. ეს
პროცესი ჩვენში იწვევდა განცდას, რომ ჩვენ უკვე დაპყრობილი გვაქვს მსოფლიო, რადგან გავერთიანდით. ვფიქრობ, სულაც არ არის აუცილებელი, კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესდნენ. შეიძლება მათ სულ სხვა გზა აირჩიონ, მაგრამ პროგრამირება ნებისმიერ პროფესიაში გამოადგებათ“, – გვითხრა თეა მასწავლებელმა.