GE
29 მარტი, 2021 13:21

მაარიფის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,პოეზია-სიბრძნის დარგი“

,,შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი” – წერდა რუსთაველი ან კიდევ ილიასი არ იყოს „პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის სიღრმიდან ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთის სიტყვით ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა. ეს მსოფლიო სული – ზღვაა უძირო, არამც თუ თვალ, ფიქრ-მიუწდომელიცა, ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი’’  და მართლაც, სხვა რაღაა პოეზია  თუ არა ის ძალა, რომელიც სიცოცხლეს შეგაგრძნობინებს, სამყაროს ნათელ ფერებში დაგანახებს და  სიკვდილის წინ კითხვაზე ,,რა- სიცოცხლე თუ ლექსი“ გათქმევინებს ,,განა სულერთი არ იყო?“

,,მაარიფის  ინტერნაციონალური სკოლების” მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში ,,პოეზია-სიბრძნის დარგი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ქართველ და არა მარტო ქართველ პოეტთა ბიოგრაფიებსა და  შემოქმედებას,შეარჩიეს საყვარელი ავტორების ლექსები,  წაიკითხეს, განიხილეს და ბევრი იფიქრეს იმასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს მათთვის პოეზია, რა განცდა ეუფლებათ ლექსის კითხვისას.  ემოციების გაზიარებისა და ლექსების მხატვრულად წაკითხვის პროცესი მათთვის ძალიან  საინტერესო  და სასიამოვნო აღმოჩნდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პროექტმა გამოიწვია მოსწავლეების დიდი დაინტერესება. პროექტის  მიზანიც სწორედ ეს იყო, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის გაღვიძება და განვითარება.

,,პოეზია იყო, არის და იქნება უდიდესი სულიერი ღირებულება  და ნებისმიერ ეპოქაში გამოიწვევს ადამიანთა დაინტერესებას. ამგვარი აქტივობები კი ხელს შუწყობს მოსწავლეთა  შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. სწავლა-სწავლების პროცესიც მეტი რა არის? თუ არა ფიქრი, ,,კეთება“ და მუდმივი დაშენება ძველ ცოდნაზე. პოეზიის არსის გაცნობიერება და სხვადასხვა კუთხით დანახვა კი 21-ე საუკუნეში, ,,ტექნიკის ეპოქაში” გზას გაუკაფავს იმ სულიერ ღირებულებებს, რომელიც ასაზრდოებს ადამიანს”, — განაცხადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მონიკა გაბელიამ.

EDU.ARIS.GE (განათლება)