GE
30 აპრილი, 2020 16:14

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი პედაგოგებს მოსწავლეთა მშობლებთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი აქტიურად აკვირდება ონლაინ გაკვეთილებს. მიუხედავად იმის, რომ ყველა მასწავლებელი ჩართულია საგაკვეთილო პროცესში და ასევე მრავალი კლასგარეშე აქტივობები ტარდება, სკოლის დირექტორი მოუწოდებს პედაგოგებს კიდევ უფრო გაააქტიურონ კომუნიკაცია მოსწავლეთა მშობლებთან. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

,,ძვირფასო პედაგოგებო, დღეს 31 კლასიდან ვირტუალურად ვესტუმრე 26 კლასს, სადაც მიმდინარეობდა ონლაინ გაკვეთილები. მიუხედავად, ჩვენგან დამოუკიდებელი ტექნიკური ხარვეზებისა, ყველა მასწავლებელი ჩართულია არა მარტო საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვა მრავალი კლასგარეშე აქტივობებიც ტარდება.

მოსწავლეები, რომლებიც სისტემატიურად ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს, ჩართული არიან კლასგარეშე აქტივობებში და გამოირჩევიან მაღალი რეიტინგით, აგრეთვე წარმატებით გაივლიან შემაჯამებელ ტესტირებას – სასწავლო წლის ბოლოს – დაჯილდოვდებიან სხვადასხვა საჩუქრებით.

ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ჩართული ონლაინ სწავლებაში, ან იშვიათად ესწრებიან გაკვეთილებს, ან აცდენენ არასაპატიო მიზეზით და ვერ გაივლიან შემაჯამებელ ტესტირებას, დირექცია იძულებული გახდება გაატაროს შესაბამისი სანქციები!

კლასის ხელმძღვანელებს და საგნის პედაგოგებს გთხოვთ კიდევ უფრო გაააქტიუროთ კომუნიკაცია მოსწავლეთა მშობლებთან და ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ეს მოულოდნელი განსაცდელი და წარმატებით დავასრულოთ მიმდინარე სასწავლო წელი. გისურვებთ წარმატებებს!”, – ვკითხულობთ სკოლის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის მიმართვაში.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი