მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მოსწავლემ ვიდეორგოლების კონკურსში წარმატება მოიპოვა
მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი სამხარაძემ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა ვიდეორგოლების კონკურსში.
2017 წლის 1 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება“ ფინალი გაიმართა. შერჩეული ნამუშევრების ავტორებმა ჟიურის წევრებს საკუთარი ნაშრომები წარუდგინეს. ოთხი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული დაასახელა.
პირველი ადგილი სურამის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ მეტრეველმა დაიკავა. გამარჯვებულს კსუ-ის კანცლერმა საჩუქრად ტექნიკის მაღაზია “ალტაოქეის“ სამასლარიანი ვაუჩერი და სიგელი გადასცა. მეორე ადგილზე სურამის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბარბაქაძე გავიდა. მას „ალტაოქეის“ ორასლარიანი ვაუჩერი და სიგელი გადაეცა. რაც შეეხება მესამე საპრიზო კატეგორიას, ის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლემ გიორგი სამხარაძემ დაიკავა. მესამე ადგილოსანმა საჩუქრად „ალტაოქეის“ ასლარიანი ვაუჩერი და სიგელი მიიღო.
ფინალურ ეტაპზე ჟიურის სიმპატია ხუთმა მოსწავლემ – ნინო ტაბატაძემ, ია ზაბახიძემ, ანდრო გელბახიანმა, მარიამ კიკნაძემ და ირმა ბერდელაძემ მოიპოვა. ისინი სიგელებითა და წიგნებით „მხატვრობა“ დასაჩუქრდნენ.
პროექტში სულ ოთხმოცამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მათგან ფინალში 29 მონაწილე გადავიდა. თითოეულ ფინალისტს საჩუქრად წიგნები (შექსპირის სონეტები) და სიგელები გადაეცა