მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ
2017 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები, სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას ეწვივნენ და საიუბილეო თარიღი მიულოცეს.
I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯარების სარდალმა, გენერალ მაიორმა შავლეგო ტაბატაძემ მიულოცა.
საზეიმო ცერემონიალზე სკოლა-პანსიონის ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “არსიანმა” მრავალჟამიერი შეასრულა. შემდეგ მოსწავლეებმა გენერალ შავლეგო ტაბატაძესთან და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილთან ერთად, სადღესასწაულო ტორტის გაჭრაში მიიღეს მონაწილეობა, ტორტის გაჭრის შემდეგ კი ერთად ისადილეს. სკოლა-პანსიონის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ბატონ შავლეგო ტაბატაძესა და I საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ზურაბ თაბუკაშვილს გააცნო სკოლის მოკლე ისტორია და ის წარმატებები, რომელსაც სკოლამ, თავისი არსებობის მცირე დროის მანძილზე მიაღწია. ბატონმა შავლეგომ აღნიშნა, რომ ამ სკოლა-პანსიონის შესახებ ბევრი რამ იცის და მიაჩნია, რომ ეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
სადილის შემდეგ, სკოლა-პანსიონის გაერთიანებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “არსიანმა” ბრიგადის სასადილოში საინტერესო საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა, რომელსაც ბრიგადის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.
კონცერტის შემდეგ მამა მირიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს საიუბილეო თარიღი და ბრიგადის მეთაურს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.