GE
6 ნოემბერი, 2017 16:50

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში ტრადიციული შემოდგომის ზეიმი გაიმართა

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ზეიმი, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს.

თავდაპირველად გაიმართა საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების მოსწავლეები: საერთაშორისო ფესტივალ “მომავლის ვარსკვლავების” ლაურეატი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “არსიანი” – დავით შანიძის ხელმძღვანელობით, ხალხურ საკრავთა ორკესტრი – მალხაზ ქოიავას ხელმძღვანელობით, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი -დალი დაბრუნდაშვილის ხელმძღვანელობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი “არსიანი” – ჯონი დუგლაძის  ხელმძღვანელობით.

გამოფენა მოაწყვეს და მოლბერტებზე ნამუშევრები შეასრულეს სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელებმა –  გაიოზ ზანდარაშვილის ხელმძღვანელობით.

შემოდგომის ზეიმს ამშვენებდა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა და პროფესიული სწავლების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, ტანსაცმლის მოდელირების, ტიხრული მინანქრისა და ხეზე მხატვრული ჭრის სპეციალობებში.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი შემოქმედება. ყველა კლასმა წარმოადგინა შემოდგომის მრავალფეროვნება და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს,
შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, საწნახელში დაიწურა ღვინო, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.

საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა: მათ შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საფრანგეთის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ატაშე, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი დავით შემოქმედელი, თბილისის საკრებულოს წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭელიძე, რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ცნობილი პოეტი ტარიელ ხარხელაური, ნაზალადევის გამგებლის მოადგილე ბეჟან, საპატრიარქოს თანამშრომლები, ცნობილი მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მეზობელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები,ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.

შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ სკოლა პანსიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა (ციცინო) ანთაძე და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.

შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა.

სკოლის სხვა ამბები

მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი