მეორეკლასელების მშობლების კრეატიული საჩუქარი მზრუნველ დამრიგებელს (+ვიდეო)
ყურადღებიანი და მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული მშობელი ყოველთვის აფასებს შვილის, მისი დამრიგებლის, პედაგოგებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების შრომას.
ახალი წლის წინა დღეებში კი ეს დაფასება კიდევ უფრო იგრძნობა. მხოლოდ სკოლა არ ზრუნავს ჯადოსნური საახალწლო განწყობის შექმნაზე.
ნახეთ, როგორი სიურპრიზი გაუკეთეს სადამრიგებლო კლასის მშობლებმა ერთ-ერთ ასეთ მზრუნველ პედაგოგს, მაგდა მიქაბერიძეს.
ვიდეო:
ეს ამბავი დღეს, 24 დეკემბერს, მაგდა მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-ს თავად უამბო:
“გუშინ ერთ-ერთმა მშობელმა დამირეკა, ხვალისთვის ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა გვინდა და პროექტორის გამოყენებას თუ შევძლებთო. კი გავიფიქრე, ალბათ, ჩვენი წლის შემაჯამებელი ვიდეო-კოლაჟი გააკეთეს და სიურპრიზს გვიწყობენ-მეთქი, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
ჩემი მოსწავლეების მშობლებში ყოველთვის რომ მიმართლებდა კი იცით, ჰოდა კიდევ ერთხელ, საჯარო მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ იდეის განხორციელებაში.
მეც და ბავშვებიც სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით.
მადლობა თითოეული სიტყვისთვის, მხარდაჭერისთვის, ემოციისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დამდევდა თან. მიყვარხართ!
ბავშვების ფრაზები კი ვიდეოს მოსმენისას ასეთი იყო: “ამან საიდან იცოდა ჩემი სურვილი?” “მაგდა მასწავლებელი რომ გვასწავლის, ისიც სცოდნია”, “თურმე, მართლა არსებობს”, “დღეს ახალი წელია?” და ა. შ“, – გვესაუბრა მაგდა მასწავლებელი.