GE
26 აგვისტო, 2019 15:57

N42 საჯარო სკოლის თანაორგანიზატორობით ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-7 საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნაკრები გუნდი 17 აგვისტოს გაემგზავრა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-7 საერთაშორისო ტურნირზე, სადაც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს 10 ქვეყნის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის, რუსეთის, ბელარუსის, შვეიცარიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ხორვატიის და ყაზახეთის 20 გუნდს (ზოგიერთი ქვეყანა 2 და მეტი გუნდითაა წარმოდგენილი).

გუნდი, რომლის წევრებიც არიან ნიკოლოზ ნიკურაძე და მარიამ ჯაფარიძე (ორივე ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლიდან), ზურაბ დარჯანია (ნიუტონის თავისუფალი სკოლა), ლევან ლოლაშვილი, ნენე ჟვანია და სალომე მიქელაძე (სამივე ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N 42 საჯარო სკოლიდან), დაკომპლექტდა ხანგრძლივი შესარჩევი ციკლის შედეგების მიხედვით. ეს პროცესი დაიწყო 2019 წლის დასაწყისიდან, როდესაც მოხდა საქართველოს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და სკოლების ნაკრები გუნდების ჩამოყალიბება.

ეროვნული ტურნირის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა 2019 წლის 5-12 მაისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე 7 საუკეთესო სკოლის გუნდს (უკვე მოხსენიებული სამი სკოლის გარდა ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს ბაქსვუდის სკოლამ, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ, 51-ე და პირველმა ექპერიმენტულმა საჯარო სკოლებმა) შორის.

მეტად საინტერესო და უაღრესად დაძაბული ბრძოლების შედეგად შეირჩა ნაკრები გუნდის 15 კანდიდატი, რომლებისგანაც დამატებითი მოთხოვნების (ინგლისურის ცოდნა, პრეზენტაციის, ჟიურის მიერ დასმულ ზოგადი ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემის უნარი და სხვა) გათვალისწინებით დაკომპლექტდა ზემოთ აღნიშნული გუნდი.

ტურნირის მთელი ციკლის ორგანიზება, დასკვნითი ტურების ჩატარება, გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის თანაორგანიზატორობით.

Aris.ge - განათლება განათლება