„პედაგოგების შრომა ამ პირობებში გმირობის ტოლფასია“ – მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი აქტიურად ადევნებს თვალყურს ონლაინ გაკვეთილებს და აქტიურად ეცნობა მოსწავლეთა მშობლების შეფასებებს. დაკვირვების საფუძველზე სკოლის დირექტორი სკოლის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
“რამოდენიმე დღეა თვალყურს ვადევნებ თქვენს ონლაინ გაკვეთილებს, მიხარია, რომ, მიუხედავად სიახლისა და თავდაპირველი სიძნელეებისა, კარგად ართმევთ თავს ამ გამოწვევას, რომელიც ამრავალფეროვნებს ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობას ამ განსაცდელის ჟამს. ასევე თვალყურს ვადევნებ მშობელთა რეაქციას, რომელთა უმრავლესობა კმაყოფილია თქვენი საქმიანობით და პროფესიონალიზმით”, – აღნიშნავს სკოლის დირექტორი, მამა მირიანი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, პედაგოგთა ღვაწლს და მათ ამ ვითარებაში გაწეული შრომისთვის გმირებს უწოდებს.
“მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისათვის! არავის შრომასა და თავდადებას არ ვაკნინებ, მაგრამ პედაგოგების შრომა ამ პირობებში, მართლაც გმირობის ტოლფასია. მე პირადად ექიმების გვერდით დავაყენებდი ჩვენს პედაგოგებს და განათლების მუშაკებს, რომელთაც ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, სხვადასხვა ღონისძიებებთან და აქტივობებთან ერთად”, – ამბობს მამა მირიანი.