GE
7 სექტემბერი, 2022 11:40

პროფესიონალიზმი და ბავშვების სიყვარული – მასწავლებლის ფორმულა სკოლა „მერმისის“ დირექტორისგან

სკოლა „მერმისის“ დირექტორი, მანანა მალაზონია ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ამ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულაბას ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სკოლის დირექტორისთვის მთავარი ბავშვების სიყვარულია. პროფესიით პედაგოგია – გერმანული ენის მასწავლებელი. ახსოვს იმ სკოლის დირექტორის სიმკაცრე, რომელშიც თავად სწავლობდა და ფიზიკის მასწავლებელი, პედაგოგობისკენ რომ უბიძგა.

მანანა მალაზონია EDU.ARIS.GE-ს ბავშვებთან ერთად განვლილ გზასა და მის მიერ აღქმული იდეალური მასწავლებლის ფორმულაზე ესაუბრა.

– ქალბატონო მანანა, რამდენი წელია, რაც სასკოლო ცხოვრებასთან გაქვთ შეხება და რამ განაპირობა ეს არჩევანი?

– 15 წელი ვიმუშავე განათლების სამინისტროში. 1994 წელს ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმა, ქეთი დოლიძემ, ლალი ვაშაკიძემ და მე გადავწყვიტეთ კერძო სკოლის დაფუძნება. იმ დროს ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რთული გამოწვევების წინაშე დავდექით, ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწია ერთად, მაგრამ დღეს ჩვენი პირველი კურსდამთავრებულები უკვე 34 წლისანი არიან. ბედნიერი ვარ, რომ 28 წელია სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობ. ასეთ არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების სიყვარული განაპირობებს, ამ სიყვარულის გარეშე ამ სფეროში ვერ გაძლებ.

– თქვენი სკოლაში სწავლის დროს როგორ გახსოვთ დირექტორი? რა მოგწონდათ, რა გაღიზიანებდათ მისი?

– ჩემი სკოლის დირექტორი ელეგანტური, მაგრამ ძალიან მკაცრი ქალბატონი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მოგვწონდა, მისი შიში გვქონდა, დერეფანში რომ გაივლიდა, ავიტუზებოდით და ერთმანეთს ვეფარებოდით, მას რომ თვალში არ მოვხვედროდით. დღეს ვერ წარმომიდგენია, ასეთი დირექტორი ვიყო, ბავშვებს სითბო და ალერსი სჭირდებათ, რაც უფრო მეტ სითბოს გასცემ, ასმაგად გიბრუნდება. ვერ ვიტან არდადეგების პერიოდს, როცა შენობაში არ ისმის ბავშვების ჟრიამული.

– მასწავლებელი, რომელმაც გიბიძგათ, პედაგოგი გამხდარიყავით იყო…

– ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა მისი კოლეგებისგან მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. დღესაც მომყვება ის სითბო და სიყვარული, რაც მან ჩვენთვის არ დაიშურა. მისი რჩევა-დარიგებები ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში. როდესაც პედაგოგობას ირჩევ პროფესიად, ბავშვის მიმართ უნდა იყო ყურადღებიანი, თბილი, გულთან მიიტანო მისი სიხარულიც და სატკივარიც, ასეთი იყო ჩემი ფიზიკის მასწავლებელი.

– პოზიტიური განწყობა სკოლაში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც განაპირობებს მოსწავლის მოტივაციას, კარგად ისწავლოს. კიდევ რა მოქმედებს ამ მხრივ ბავშვებზე?

– მნიშვნელოვანია სკოლაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს, ამისთვის საჭიროა ბავშვი გრძნობდეს პედაგოგებისა და დირექციის კეთილგანწყობას, ჰქონდეს სამართლიანობის განცდა. დიდ ყურადღებას ვაქცევთ დამრიგებლებისა და აღმზრდელების შერჩევას სხვადასხვა საფეხურზე, სკოლაში მუშაობს ფსიქოლოგი, რომელიც დაუყონებლივ ერთვება უმნიშვნელო პრობლემის დროსაც კი. ასევე მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობები, ექსკურსიები, ზეიმები, მოსწავლეებისთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრების ორგანიზება.

– რამდენად მნიშვნელოვანია, მასწავლებლის, დირექტორის პირადი მაგალითი, რომელსაც ბავშვს მისცემს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით?

– მნიშველოვანია ის, რომ პედაგოგებიც და დირექციაც მოსწავლეებს თავისი ქცევებითა და ურთიერთობით კარგ მაგალითს აძლევდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და არ არსებობს ერთი რეცეპტი, რაც ყველა შემთხვევაში გამართლებულია.

– კერძო სკოლა მეტ ავტონომიას და დამოუკიდებლობას ნიშნავს? მაგალითად, პედაგოგების შერჩევაში რას ითვალისწინებთ?

– მართალია კერძო სკოლას მეტი დამოუკიდებლობა აქვს, მაგრამ გამოწვევებიც მეტია. რაც შეეხება პედაგოგების შერჩევის პროცესს, ჩვენც საერთო წესს ვემორჩილებით, თუმცა ჩემთვის მთავარია, პედაგოგს ბავშვი და თავისი პროფესია უყვარდეს, მოსწავლესთან სწორი მიდგომის შერჩევა შეეძლოს, კარგი გადმოცემის უნარი ჰქონდეს. ყოფილა შემთხვევა მიგვიღია მასწავლებელი ყველანაირი რეგალიებით, საგანიც მაღალ დონეზე სცოდნია, მაგრამ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ აღმოჩენილა, რომ არ გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა, ზოგს კიდეც უღიარებია ეს ფაქტი. ასეთ დროს თუ სურვილი აქვს თავისთავზე მუშაობის, ვაძლევთ შესაძლებლობას გაიზარდოს, პედაგოგიური ჩვევები ისწავლოს კოლეგებისგან. ამ საკითხზე სკოლაში შესაბამისი აკადემიური კათედრები მუშაობენ. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად საჭიროებს კადრების განახლებას. პროფესიონალიზმი და ბავშვების სიყვარული პედაგოგის ფორმულაა.

ასევე იხილეთ:

როგორ ავარიდოთ პირველკლასელს სტრესი და შფოთვა – სკოლის ფსიქოლოგის რეკომენდაციები

„მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მათ თანატოლებს უფრო ესმით მათი, ვიდრე უფროსებს“ – პედაგოგი კონფლიქტების მოგვარების გზებზე

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში