როგორ ავარიდოთ პირველკლასელს სტრესი და შფოთვა – სკოლის ფსიქოლოგის რეკომენდაციები
2022-2023 სასწავლო წელი რამდენიმე კვირაში დაიწყება. სწავლის დაწყება, როგორც წესი, გარკვეული სტრესია პირველკლასელებისთვის. რატომ ტირის ბავშვი და როგორ ავარიდოთ სკოლაში მისვლისას სტრესი, როგორ მოიქცეს მშობელი თუ მასწავლებელი – ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს გიმნაზია „აია ჯესსის“ ფსიქოლოგი, მარიამ სადუნაშვილი ესაუბრა.
„სკოლაში მისვლის დროს ბავშვის ტირილს აქვს როგორც ბიოლოგიური, ისე სოციალური საფუძველი და ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესისგან. სკოლაში სწავლის დაწყებას ხშირად ახლავს თან ტირილი, რომელიც გამოწვეულია გაურკვევლობისგან. ბავშვებისთვის შფოთვის მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ იციან, რას ელოდონ და მათ აქვთ გარკვეული კითხვები – სად მიდიან, ვინ დახვდებათ, როგორი გარემო იქნება და ა. შ.“, – ამბობს მარიამ სადუნაშვილი.
როგორ მოიქცეს მშობელი და როგორ მოამზადოს შვილი სკოლისთვის? ამ კითხვაზე ფსიქოლოგი პასუხობს:
„მშობლებმა მომზადება უნდა დაიწყონ რამდენიმე კვირით ადრე. უნდა ესაუბრონ ბავშვებს, განიხილონ, რა მოხდება სკოლაში. პროგნოზირება იმის შესახებ, თუ რა დახვდებათ იქ, ამცირებს სტრესს და ქმნის მზაობას, რომ ბავშვი გონებრივად მოემზადოს ცვლილებებისთვის. მშობლებს შეუძლიათ, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ემოციები – რას განიცდიდნენ სკოლაში შესვლის პირველ დღეს რომ ისინიც ღელავდნენ, თუმცა დადებითი ემოციებით იყვნენ განწყობილნი. ბავშვს ასევე უნდა ავუხსნათ, რომ იქ ითამაშებენ სხვადასხვა თამაშებს, შეიძენენ ახალ მეგობრებს. ვუთხრათ მამოტივირებელი ფრაზები, მაგალითად, რა იყო ჩვენი საყვარელი საგანი და რომ მოუთმენლად ველით, გავიგოთ რომელი იქნება მისი…
„მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ მზაობა, რომ ბავშვს სასიამოვნო მოლოდინები ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, ეს მოლოდინები იყოს რეალური და დაემთხვეს ბავშვის წარმოდგენებს და ამაში ჩვენი გამოცდილების გაზიარებაც დაგვეხმარება, რადგან ბავშვები მშობლებისგან იღებენ მინიშნებებს, შესაბამისად პოზიტიური გამოცდილების გაზიარება უფრო სასიამოვნოს გახდის პირველ დღეს“.
მარიამ სადუნაშვილის აზრით, მოლოდინი რომ რეალური იყოს, რა თქმა უნდა, ბავშვზე სკოლამ და მასწავლებელმაც უნდა იზრუნოს. პედაგოგი მზად უნდა იყოს იმისთვისაც, რომ ბავშვების უამრავ კითხვას უპასუხოს.
„წინასწარ უნდა მოხდეს შეხვედრა, თუ ეს შესაძლებელია, ბავშვისა მასწავლებელთან. მომავალმა მოსწავლემ უნდა დაათვალიეროს სკოლის გარემო, გაეცნოს მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რათა თავიდან ავირიდოთ პირველი დღის სიურპრიზები. მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს. როგორც წესი, ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ ხოლმე. ამიტომ შეუძლია ეთამაშოს კითხვა-პასუხის რეჟიმში. უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი უფრო გახსნილები იქნებიან, როცა მასწავლებელი თავის თავზე მოუყვება რაღაცებს. შესაძლოა, კლასში შეიქმნას მინიმალური დეკორაციაც, რომელიც წაახალისებს გარემოს და მოსწავლეებს.
„და თუ მაინც ტირის პირველკლასელი, მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ტირილის მიზეზი და ვაგრძნობინოთ, რომ გვსურს მისი დახმარება. უნდა ვკითხოთ, რატომ არის ის განაწყენებული. ნერვიულობის ფონზე შესაძლოა, ვერ შეძლოს მიზეზის სიტყვებით გადმოცემა და შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ მიზეზები – რის გამო ტირის. მას კი ვთხოვოთ, თავის დაქნევით გვიპასუხოს კი ან არა. ასევე უნდა შევთავაზოთ გეგმა, როგორ ვაპირებთ პრობლემასთან გამკლავებას“, – გვითხრა მარიამ სადუნაშვილმა.
ასევე იხილეთ: