მოსწავლისა და პედაგოგის გარდა, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში მშობელიც უნდა ასრულებდეს დაკისრებულ ფუნქციებს
„პირველ რიგში, ფიზიკური გარემო უსაფრთხო, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად ჯანსაღი უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოს სიჯანსაღეც“, – ასე ხედავს იდეალურად ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოსა თუ საგაკვეთილო/სწავლა-სწავლების პროცესს ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი ნატალია თურქაძე, რომელსაც EDU.ARIS.GE-მ აღნიშნულ საკითხზე კითხვები დაუსვა.
„სკოლა დაანგრიეს და უკვე ოთხი წელია, რაც სხვადასხვა უბანში, ხან რომელ სკოლაში დადიან ბავშვები და ხან რომელში“, – ეს ფრაზა კი თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის მშობელს, თეონა ბაყაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ასევე ვკითხეთ იდეალურად ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოზე და კონკრეტული მაგალითების გაზიარებაც ვთხოვეთ.
განათლების სფეროს სპეციალისტები და სისტემაში მოღვაწე ადამიანები თანხმდებიან, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უსაფრთხო, თანასწორუფლებიანი და კეთილგანწყობილი გარემო უნდა შექმნან და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები გაითვალისწინონ; სკოლამ ბავშვისთვის ცოდნის მიღებასთან ერთად, მისი პიროვნული ზრდა და ცხოვრებისეული გამოცდილებით აღჭურვაც უნდა უზრუნველყოს. თუმცა, რამდენად სრულდება ყველა ეს მოთხოვნა საქართველოში არსებულ 2 086 საჯარო სკოლაში, რთული სათქმელია.
თეონა ბაყაშვილისთვის, რომელიც სკოლის შენობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს, იდეალურად ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო, საგაკვეთილო/სწავლა-სწავლების პროცესი, პირველ რიგში, გამართულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. როგორც მშობელი გვეუბნება, ინფრასტრუქტურის არარსებობა არაერთ დაბრკოლებას იწვევს, რაც საგანმანათლებლო პროცესზე დადებითად ვერ ისახება.
„სკოლის შენობა მთლიანად დაინგრა და ახალი პროექტით მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. ამჟამად 207-ე საჯარო სკოლაში გვიწევს სიარული. რადგან სხვა სკოლაში ვართ შესულები, საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობაც ნაკლებია – 45-წუთიანის ნაცვლად, 35-წუთიანი გაკვეთილები ტარდება. კიდევ ერთი პრობლემა კვირაში ორი დღე ონლაინ სწავლებაა. ეს სწავლის ხარისხზე ძალიან ცუდად აისახება, რადგან აპლიკაცია, რასაც ონლაინ გაკვეთილზე დასასწრებად იყენებენ, გაუმართავია. ზოგჯერ მოსწავლე, შესაძლოა, გაკვეთილს სულაც ვერ დაესწროს. ბავშვები, ფაქტობრივად, ნორმალური სწავლის გარეშე რჩებიან.
პედაგოგები ცდილობენ, მოსწავლეებს ცოდნა მისცენ, მშობლებთან კომუნიკაციის პრობლემაც არ არის. თუმცა, საუკეთესო მასწავლებლების ყოლის მიუხედავად, შექმნილი ვითარება ჯანსაღი არაა. ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო სულ სხვაგვარად წარმომიდგენია – სულ მცირე, სწავლა ნორმალურ სკოლაში და ნორმალური გრაფიკით უნდა მიმდინარეობდეს“, – ამბობს თეონა ბაყაშვილი.
მოწესრიგებულ საგანმანათლებლო გარემოსთან ერთად, მენტორი მასწავლებელი ნატალია თურქაძე, სწავლა-სწავლების იდეალურად ჯანსაღი პროცესისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად, ინოვაციურ გაკვეთილს, ინიციატივებისა და იდეების წახალისებაც მოიაზრებს. გარდა ამისა, როგორც პედაგოგი EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, ჯანსაღ გარემოში მოსწავლეს შეცდომის დაშვების არ უნდა ეშინოდეს:
„იდეალურად ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო/საგაკვეთილო/სწავლა-სწავლების პროცესია, როდესაც ფიზიკური გარემო უსაფრთხო, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად ჯანსაღია. ასეთივეა ფსიქოლოგიური გარემოც – იმისთვის, რომ ბავშვმა თავი თანასწორად იგრძნოს. აუცილებელი პირობაა ემოციური კეთილდღეობა, ინკლუზია. მნიშვნელოვანია სოციალური გარემოც, რომელშიც ოჯახსა და სკოლას შორის თანამშრომლობა იგულისხმება. საგაკვეთილო პროცესი ინოვაციური, სხვადასხვა აქტივობით დატვირთულია. მოსწავლე, რა თქმა უნდა, ცენტრშია და კლასში კომფორტული გარემო იგრძნობა. ბავშვს შეცდომების დაშვების არ ეშინია. ხორციელდება პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ხდება ინიციატივებისა და იდეების წახალისება“.
პედაგოგი გვიხსნის, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის როლი ჯანსაღი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფაში დიდია, თუმცა პროცესში ჩართულ მხარეს წარმოადგენს მშობელიც, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს უნდა ასრულებდეს.
„ერთი მხარე ვერაფერს შეძლებს. აუცილებელია თანამშრომლობა. ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო მხოლოდ და მხოლოდ საკლასო ოთახის პირობებს არ გულისხმობს. აქ საჭიროა ურთიერთობა, ღირებულებები. სწავლების პროცესი უნდა იყოს აქტიური და ამაში უდიდესი როლი აქვს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს. მასწავლებელი როგორც მენტორი და მოტივატორი, ჯანსაღი გარემოს შექმნაზე დიდ გავლენას ახდენს. მოსწავლის როლია, რომ საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამასთან, მშობელიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შვილს ხელი შეუწყოს. უნდა ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაშიც იმისთვის, რომ მშობლის როლი გამოკვეთოს. საბოლოო ჯამში, თუ მასწავლებელი ჩართულია პროცესებში და მოსწავლესაც აქტიურად ჩართავს, თავისთავად ამ მუშაობას ჯანსაღი ატმოსფერო მოაქვს“, – გვეუბნება ნატალია თურქაძე.
-
რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომელიც დაიკარგა – სპეციალისტის რჩევები მშობლებს by მოსწავლის მშობელი
-
AIA-GESS-ის ესპანური ენის მასწავლებელი Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მონაწილეობდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
როგორ გავხდეთ შვილის მესაიდუმლე – მშობლის ხედვა და ფსიქოლოგის რჩევები by სკოლების ამბები