GE
25 ივნისი, 2022 18:39

„მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მათ თანატოლებს უფრო ესმით მათი, ვიდრე უფროსებს“ – პედაგოგი კონფლიქტების მოგვარების გზებზე

„კონფლიქტები და ძალადობა არის ის თემა, რომელიც ყვავის ჩვენ ირგვლივ და, მათ შორის, მოსწავლეებშიც. რაც ხდება საზოგადოებაში, იმას უყურებენ ჩვენი მოსწავლეები და ამით ხდება მათი პროვოცირება. ბევრი რამ არის დამოკიდებული სკოლაზე. გააჩნია, სკოლა როგორ მიდგომას ახორციელებს მოსწავლეებისა და მათი კონფლიქტის მიმართ“, – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაკა ბიბილეიშვილი EDU.ARIS.GI-სთან.

პედაგოგი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სწავლების დანერგვის საკითხს მიიჩნევს სკოლებში, სამოქალაქო განათლების ფარგლებში. საგანი სამოქალაქო განათლება ბევრ მიმართულებას მოიცავს, რომლის ერთერთი კომპონენტი მედიაციაა, თუმცა ბიბილეიშვილი თვლის, რომ ეს არასაკმარისია.

„კონფლიქტის დროს, მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებიან რჩევას, ერთმანეთის ჩარევით ხდება გარკვეული კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება. პატარა კვლევა ჩავატარე მოსწავლეებში და მათ მითხრეს, რომ კონფლიქტის დროს უფროსებს არ მიმართავენ, რადგან მათი თანატოლის გავლენა უფრო მეტია და მათ უფრო კარგად ესმით იმ პრობლემების, ვიდრე მასწავლებლებს ან სხვა უფროსებს. არადა, ზუსტად აქ უნდა მოსწავლეს მიხმარება. უნდა მიხვდეს, რომ მხოლოდ თავისი თანატოლების რჩევით არ უნდა შემოიფარგლოს და იცოდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მეტი კომპეტენცია აქვთ. უნდა ვასწავლოთ, რომ ენდოს უფროსს და ქუჩური გარჩევები, რაც ასე დამკვიდრებულია ახლა ჩვენს მოსწავლეებში, ამ სახით აღარ გვექნება. მედიატორის როლს თავიანთ თანატოლებში კი აღარ მოძებნიან, არამედ იმ მასწავლებელში, რომელიც ამ საგანს შეასწავლის“, – ამბობს პედაგოგი.

მაკა ბიბილეიშვილი მიიჩნევს, რომ მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვა, განათლების სამინისტროსგან უნდა იყოს მხარდაჭერილი. საგანი კი სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა უნდა ასწავლონ.

„რადგან გარდატეხის ასაკში თანატოლების აზრები უფრო მისაღებია მათთვის, ვიდრე უფროსების, მასწავლებლები ჩასაფრებულები უნდა ვიყოთ, რომ არ გაგვექცეს ეს პროცესები ხელიდან. რომ ვაკვირდები, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს უფრო უზიარებენ თავიანთ პრობლემებს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ თემაზე ვესაუბრებით. ვინც გესაუბრება შენთვის პრობლემურ საკითხზე, მასთან იხსნები – ეს ბუნებრივი პროცესია. რაც უფრო მეტი კომპეტენცია გვექნება ჩვენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ამ მიმართულებით, ალბათ კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“, – უთხრა EDU.ARIS.GI-ს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა.

ასევე იხილეთ:

სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის სწავლების დანერგვაზე განათლების კომიტეტში იმსჯელეს

„რადგან სკოლაში არ ასწავლიან, ბავშვი ვერ გაარჩევს რა სახის თავდასხმაა და თავდაცვა ხომ უნდა შეეძლოს?!“ – მოსწავლეების მამა სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის საგნის შემოღებაზე

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში