ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი” – პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა
2017 წელს ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესს” დაარსებიდან 15 წელი უსრულდება. სკოლა ავტორიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების “College-Board”-ის მიერ.
სახელი, რომელიც წინსვლას, განვითარებასა და წარმატებას ნიშნავს, სკოლისთვის თილისმა აღმოჩნდა. ,,პროგრესი” დღეს მოწინავე, წარმატებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც მომავალი თაობა ხარისხიან განათლებას იღებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის მასშტაბები შთამბეჭდავია – ქუთაისში ჩამოყალიბებულ სასწავლებელს ფილიალები თბილისსა და ბათუმშიც აქვს.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესს” დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ნინო ჩიკვაშვილს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და ეკონომისტია. განათლება როგორც საქართველოში, ასევე ამერიკასა და ინგლისში მიიღო, ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე: „კერძო სკოლების თანამედროვე მართვის მოდელი“. სკოლის წარმატებაში ალბათ იმასაც მიუძღვის წვლილი, რომ ,,პროგრესს” შექმნამდე გაეროს ერთ-ერთ პროექტს – აფხაზეთის საბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ საერთაშორისო ენების ცენტრს ხელმძღვანელობდა. პროექტი დევნილი მოსახლეობისთვის ინგლისური ენის სწავლებას ითვალისწინებდა. საქმემ, რომელიც სწავლებასთან ერთად მენეჯერის ფუნქციების შეთავსებასაც გულისხმობდა, უბიძგა, აეხდინა ოცნება და საკუთარი სკოლა დაეარსებინა. სამ წელიწადში მიზანი განახორციელა და 2002 წელს პირველი ნაბიჯებიც გადადგა.
ნინო ჩიკვაშვილი: ,,მარტივი არც პირველი წელი ყოფილა და არც შემდეგი პერიოდი. პირიქით, საქმე თანდათან რთულდებოდა და რომ არა შემართება და ენთუზიაზმი, ასევე სიყვარული საქმის მიმართ, არც კი ვიცი, რა გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში შვიდი და რვა ჯგუფი მყავდა, გადაღლას ვერ ვგრძნობდი. მენეჯმენტი შევუთავსე პედაგოგიურ მოღვაწეობას, ერთდროულად მმართველიც ვიყავი, პედაგოგიც, მენეჯერიც… თავიდან ახალგაზრდულ თეატრს შევეხიზნეთ, მიყვარს შემოქმედება და ამიტომ არც მე და არც სკოლას არ გაგვჭირვებია თეატრთან თანაცხოვრება. მოგვიანებით მწერალთა სახლში სპექტაკლი ,,პიგმალიონიც” კი დავდგი სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, სადაც ერთ-ერთი როლი მეც მოვირგე.”
შემოქმედებითი მიდგომა სწავლებაშიც გადაიტანეთ?
– დიახ, შემოქმედებითად მივუდექი სწავლების პროცესს. შემდეგ უფრო აკადემიურები გავხდით, გავიზარდეთ და განვვითარდით.
საუბრისას აღნიშნეთ, რომ ის, რამაც მოგცათ იმპულსი პროფესიული სფეროს დასაგეგმად, იყო სწავლების პროცესისგან მოგვრილი სიამოვნება. რას შეადარებდით სწავლების პროცესს?
– პედაგოგიური მოღვაწეობა არის მთელი ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვაღიარო – შვილებისთვის არ დამითმია იმდენი დრო და ენერგია, რამდენიც მოსწავლეებს და სკოლას დავუთმე და ვუთმობ დღემდე. პედაგოგს თავგანწირვა თუ არ შეუძლია, მაშინ სჯობს, საქმეს თავი დაანებოს.
სახე(ლ)ების ერთ-ერთ გამოცემაში საინტერესო ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ ფრანგ მასწავლებელთან, რომელმაც თქვა: ,,ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს მოსწავლის პროფესია ვასწავლო” და საინტერესოდ ახსნა, თუ რას გულისხმობდა მოსწავლის პროფესიაში. თქვენ როგორ ახსნით მოსწავლის პროფესიას, რა არის ის ძირითადი, რასაც ამ პროფესიის ადამიანებს ასწავლით?
– შეხვედრებისას გამუდმებით ვეუბნები მოსწავლეებს: ჩვენ არაფერს გასწავლით, ჩვენ გაძლევთ იარაღს, ინსტრუმენტებს, ანუ გზას გიჩვენებთ, ხერხებს გასწავლით, რომ თქვენს მისწრაფებებს და ინტერესებს დაუგდოთ ყური, თვალი და ზუსტად იმას გაჰყვეთ, რაც გაინტერესებთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებისგან. მოსწავლემ ადრეული ასაკიდანვე საკუთარ თავში უნდა დაინახოს პიროვნება, რომელმაც ყველა ეტაპზე იცის, რა სურს და რატომ.
როგორი თაობა მოდის, რამდენად პროგრესული, ამართლებს სკოლის სახელს?
– ნამდვილად ამართლებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის XXI საუკუნის თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების და აღმავლობის მთავარ გარანტიას წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მომავალს. ამაში მთავარი როლი გვეკისრება ზუსტად ჩვენ, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მათ სწორი გზა ვუჩვენოთ და ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. დასაწყისშივე უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ისინი რაღაცას აუცილებლად შეცვლიან უკეთესობისკენ.
ჩვენს მოსწავლეებს ჩაცმულობითაც გამოარჩევთ მთელ ქუთაისში. ,,პროგრესის” მოსწავლეებს ,,ნარინჯისფერ ბავშვებად” მოიხსენიებენ ხოლმე, ჩვენ პირველი ვიყავით, ვინც შემოიღო უნიფორმა, ნარინჯისფერი სამოსის სახით. ჩვენს სასწავლებელში მოქმედებს მოსწავლის კოდექსის კრებული – კონტრაქტი (ისიც ნარინჯისფერია), სადაც მარტივად და სახალისოდ არის აღწერილი სკოლაში არსებული რეგულაციები (გააკეთე ან არ გააკეთო), რომელიც ეხება როგორც მოსწავლეს, ასევე პედაგოგსაც. ეს წესდება ძალიან კარგად მუშაობს, რომელსაც ყოველწლიურად ვხვეწთ. ზედამხედველის ფუნქციას ჩვენთან კლასზე მიმაგრებული კურატორი ითავსებს. სკოლაში დაახლოებით 30-მდე კურატორი გვყავს.
რა არის ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც გამოგიყენებიათ მოსწავლის დასჯის მიზნით?
– ყველაზე მკაცრი სანქცია ერთი კვირით იძულებით დათხოვნაა სკოლიდან. ასე გამოდის, რომ ამ დროს მშობლებიც, მთელი ოჯახი ისჯება. თუმცა ასეთმა დასჯამ სერიოზული პროტესტიც შეიძლება გამოიწვიოს – მოსწავლეს სკოლაში მეორედ მოსვლა აღარ მოუნდეს და სხვაგან გადავიდეს. ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო ამ დროს, რომ ამ დისციპლინამ თავისი შედეგი სწორად გამოიღოს. დღეს კერძო სკოლებში კიდევ ერთი საფრთხეა: ხანდახან იმდენად იზრდება მოსწავლეთა კონტიგენტი, რომ რაოდენობას ხარისხი ეწირება. ჩვენ პრიორიტეტი რაოდენობა არ არის. მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა კლასში 15-16 ბავშვია. სჯობს, ჯგუფები იყოს მეტი, ვიდრე ერთ ჯგუფში – ბავშვების გადაჭარბებული რაოდენობა.
კიდევ რა საფრთხის წინაშე დგას სწრაფად განვითარებადი კერძო სკოლა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა ცდუნებას ვერ გაუძლოს და რაოდენობის სასარგებლოდ ასეთი კომპრომისი დაუშვას?
– მე ყოველწლიურად ორ ძალზე მნიშვნელოვან რესურსს ვაძლიერებ, ეს არის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამის გათვალისწინებით სკოლა მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა კვალი-ფიკაციის ამაღლებაზე და ასევე აძლიერებს ტექნიკურ ბაზას უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით. შეიძლება აქვე აღინიშნოს, რომ 2016 წელს სკოლაში დაინერგა შთემ-ის და რობოტოტექნიკის უახლესი ლაბორატორიები, დაკომპლექტდა შიდა-სასკოლო საგამოცდო ცენტრი ახალი კომპიუტერებით, კლასები აღიჭურვა სმარტ-დაფებით.
ჩემთვის განათლების დარგი არ არის მხოლოდ ბიზნესი და კომერციული საქმიანობა, ეს არის ყველაზე ფაქიზი სფერო, რომელსაც მუდმივად სჭირდება განვითარება და სიახლე.
დღეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
– ეს თემა ჩემთვის ახლობელია. 2011 წელს, როდესაც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ იყო აქტუალური ეს საკითხი, ამერიკაში, მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით გავიარე სპეციალური გადამზადების კურსი. ხანგრძლივი სესია დაეთმო ინკლუზიურ განათლებას, თუ როგორი მიდგომა და გამოცდილებაა ამ მხრივ ამერიკაში. მაშინვე ვიცოდი, საქართველოში დაბრუნებული პირველ რიგში რას გავაკეთებდი: შევქმნიდი ასეთი ბავშვებისთვის პირობებს. რომ ჩამოვედი, თან ჩამოვიტანე ეტლში მჯდომი ბავშვის ფიგურა, დავიდგი სამუშაო მაგიდაზე და ყოველდღე ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ ამას შევძლებდი და მართლაც, შევძელით – შევქმენით ყველა პირობა ასეთი მოსწავლეებისთვის. ამაყი ვარ, რომ ტექნიკურ რესურსებთან ერთად ამ მხრივ ადამიანური რესურსიც ძლიერი მოვიზიდეთ. მთელი გუნდი, დაახლოებით 15 პედაგოგი გადამზადდა ინკლუზიური განათლების კუთხით. ამერიკაში მიღებული გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭირო იყო ქართულ რეალობას მორგებული ცოდნის ათვისება. ამჟამად 5 მოსწავლე გვყავს, რომლებიც ინტეგრირებულები არიან სკოლის საზოგადოებაში, სრულად ჩართულნი ყველა მიმართულებით.
როცა სკოლაში ორენოვან პრინციპზეა სწავლება აგებული, ხშირად ჩნდება კითხვა: ბავშვისთვის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სხვა ენობრივ სივრცეში სასწავლებლად მოხვედრა ხომ არ არის ფსიქოლოგიური სირთულე? თქვენი დაკვირვებით, დღევანდელი თაობა როგორ ინტეგრირებს ამ ენობრივ სივრცეებში?
– ამ მხრივაც ისე ხდება, რომ მინიმუმ 2-3 წლით წინ ვუსწრებთ მოვლენებს და ვამართლებთ სკოლის სახელწოდებას. თავდაპირველად ორენოვან განათლებასთან დაკავშირებითაც დიდი კრიტიკა მივიღეთ. მთელი მონდომებით ვუხსნიდი მშობლებს, რომ ბავშვს მხოლოდ განათლებას კი არ ვაძლევთ უცხო ენაზე, არამედ – მის აზროვნებას და განვითარებას ვუწყობთ ხელს საერთაშორისო, მსოფლიო ენაზე. ამ საკითხისადმი სტერეოტიპული მიდგომა დღესაც არის, თუმცა ნელ-ნელა დავამარცხეთ და ამ საკითხში ჩემი მოკავშირე დღეს მშობელი, მოსწავლე და პედაგოგია. სხვათაშორის, გვყავს რამდენიმე საოცარი უცხოელი მოსწავლე, რომლებიც ქართულ განათლებას იღებენ და ბრწყინვალედ ეუფლებიან ყველა საგანს. ამგვარად, ჩვენი მოსწავლეები ჩართული არიან როგორც ეროვნულ ოლიმპიადებში, ასევე უამრავ საერთაშორისო კონკურსსა და ოლიმპიადაში. პროგრესელები ყოველწლიურად მიემგზავრებიან გაცვლითი პროგრამებით ინგლისში, გერმანიაში, პოლონეთსა და ამერიკაში. ამჟამად ათამდე ჩვენი კურსდამთავრებული სასწავლო გრანტით სწავლობს საზღვარგარეთ. მე თვითონ ამერიკის და ბრიტანეთის საბჭოების მასწავლებელთა ტრენერი ვარ, ასევე “College-Board”-ის საერთაშორისო კონსული. უამრავი ცოდნა და პრაქტიკა დამიგროვდა საიმისოდ, რომ სხვას გავუზიარო. მუდმივად ვიწვევთ ამერიკელ კვალიფიცირებულ პედაგოგებს.
და ბოლოს: ახლა რომ თავიდან იწყებდეთ, იმავე საქმეს მოკიდებდით ხელს თუ რამე სხვა საქმეს წამოიწყებდით?
– ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის, მაგრამ უამრავი სირთულისა და ბარიერის მიუხედავად, მაინც არაფერს შევცვლიდი. სხვაგვარად არ შემიძლია. დღეს ამ საქმეში ჩემი მთავარი პარტნიორი და მოკავშირე ოჯახია – მეუღლე, რომელიც სკოლის ტექნიკური მენეჯერი და პროგრამისტია, ორი ქალიშვილი და დედა (რომელსაც მეტსახელად მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახიან). რასაც მივაღწიე, ყველაფერი მათი თანადგომით შევძელი.