GE
3 აპრილი, 2025 11:44

საგანმანათლებლო აქტივობა – როგორ აღნიშნეს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლებში

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის 36-ე და მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.

ამავე სკოლების მენტორი პედაგოგის, ნატალია თურქაძის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა გაკვეთილი, რომელიც ემსახურებოდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გაკვეთილის პირველი ეტაპის მიმდინარეობა:

  • გაკვეთილი დაიწყო მნიშვნელოვანი კითხვით: „რით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან?“;
  • მოსწავლეებმა იმსჯელეს უნიკალურობაზე – განსხვავებულ უნარებზე, ხასიათებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე;
  • საუბარი წარიმართა იმაზე, თუ როგორ ქმნის განსხვავებულობა ძლიერ და მრავალფეროვან საზოგადოებას და რატომ არის ყველას მხარდაჭერა მნიშვნელოვანი.

იხილეთ ფოტო:

 პრეზენტაცია და ახალი ცოდნა – გაკვეთილის მეორე ეტაპის მინდინარეობა:

მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა ნახეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა აუტიზმის სპექტრის თავისებურებებს, სტერეოტიპებს და რეალურ ფაქტებს.

მათ გაიგეს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სიტუაციაში მათ განსხვავებული მიდგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, მათი წვლილი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში უმნიშვნელოვანესია.

ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა ღონისძიებაში;

გაკვეთილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქცა.

AI-ს ჰკითხეს, თუ ვინ არიან მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები, რომლებსაც აუტიზმის სპექტრის ნიშნები ჰქონდათ.

მოსწავლეებმა გაიცნეს ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიცაა: ალბერტ აინშტაინი – ფიზიკოსი, რომელიც ეჭვობენ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე იყო. მიკელანჯელო – რენესანსის მხატვარი და მოქანდაკე, რომელიც აუტიზმის ნიშნებს ავლენდა. ტემპლ გრანდინი – მეცნიერი და ინჟინერი, რომელიც აუტიზმის ცნობადობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია.

გაკვეთილის მთავარი მიზნები: მოსწავლეებმა გაიგეს, რა არის აუტიზმის სპექტრის დარღვევა (ASD); განიხილეს სტერეოტიპები და რეალური ფაქტები; შეისწავლეს წარმატებული აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები და მათი წვლილი მსოფლიოს განვითარებაში; განივითარეს ემპათია და ინკლუზიური აზროვნება.

მოსწავლეების პრაქტიკული ჩართულობა:

გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები თანატოლებისთვის, რათა ამ მნიშვნელოვან თემაზე ცნობიერება კიდევ უფრო გავრცელებულიყო.

ღონისძიების მიზანი გახლდათ, მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ განსხვავებულობის მნიშვნელობა, საკითხისთვის შეეხედათ ღრმა ჭრილში და განევითარებინათ გაგების, მიღებისა და მხარდაჭერის უნარები.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში