რა გზით აცნობენ კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ კულტურას მსოფლიოს
კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ნინო მელიქიშვილი, ამავე სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად უტარებს. ბოლნისელი ბავშვები უცხოელ თანატოლებს ონლაინ რეჟიმში საქართველოზე, მის კულტურასა და ლეგენდებზე უყვებიან.
21 თებერვალს მე-7 და მე-9 კლასელმა კაზრეთელმა მოსწავლეებმა თურქ, მანისელ თანატოლებს თბილისის დაარსების შესახებ ლეგენდაზე უამბეს. ნინო მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ ენის შესასწავლად მისი პრაქტიკული გამოყენება მნიშვნელოვანია და რეგულარულად აპირებს, მსოფლიოს ყველა კუთხის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების გამართვას.
„სხვადასხვა ქვეყნის ინგლისური ენის მასწავლებლების გაერთიანება არსებობს და მისი წევრი ვარ მეც. მასწავლებლები სხვადასხვა თემატიკაზე ამზადებენ გაკვეთილს და სხვებს სთავაზობენ, ხომ არ უნდა ვინმეს მათთან ერთად გაკვეთილის ჩატარება. მაგალითად, ისინი რომ მოამზადებენ გაკვეთილს ლეგენდებზე, ჩვენც უნდა მოვამზადოთ. ახლა უკვე ჩვენც ვამზადებთ თემას და ვეპატიჟებით სხვა სკოლებს. ყაზახეთის, ესტონეთის, ინდონეზიის, ვიეტნამის სკოლებიდან მივიღეთ შემოთავაზება და რაც მთავარია, ეს ამბავი ბავშვებს ძალიან მოსწონთ. დაუმეგობრდნენ სხვა ქვეყნის თანატოლებს და ბევრი რამ ისწავლეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ნინო მელიქიშვილმა.
იმის გარდა, რომ ბავშვები სხვა ქვეყნის თანატოლებთან ერთად სწავლობენ ინგლისურ ენას, მნიშვნელოვანია, რომ ისინი უცხოელ თანატოლებს ქართული კულტურასა და ნაციონალურ სამოსსა თუ კერძებზე უყვებიან.
„ლეგენდების გარდა, თანატოლებს უყვებიან, ჩვენთან როგორ აცვიათ მოზარდებს, როგორია ჩვენი ნაციონალური კერძები და ა. შ. მაგალითად, ბავშვი რომ ყვება, როგორ მზადდება ხინკალი, „ვიკიპედიიდან“ კი არ უნდა ამოიწეროს, თვითონ უნდა დაწეროს, როგორ მოამზადებდა. ამ დროს სწავლობს სიტყვებს „ცომი“, „ფქვილი“, „მოზელა“, „მოხარშვა“ და ა. შ. გარდა იმისა, რომ ენას სწავლობენ, სიტყვების პრაქტიკულ გამოყენებასაც ეჩვევიან. რასაც ახლა ჩვენ კომპლექსურ დავალებას ვეძახით, ვცდილობთ, ის გავაკეთოთ სხვა ქვეყნის ბავშვებთან ერთად. ამასთანავე, გამოგვდის ქართული კულტურის პოპულარიზაციაც, რადგან ჩვენი თემატიკა ძირითადად ჩვენს ქვეყანაზე, ნაციონალურ სამოსზე, ნაციონალურ კერძებზე და ლეგენდებზეა საუბარი. ინდონეზიელებთან ერთად რომ გვქონდა გაკვეთილი, იქ ბევრმა არ იცოდა საქართველო სად იყო და აჩვენეს ჩვენმა ბავშვებმა რუკაზე და ბევრი რამ მოუყვნენ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ინგლისური ენის პედაგოგმა.