GE
22 მარტი, 2023 13:17

რა უნდა იდოს და რა არა მოსწავლის ჩანთაში – დამრიგებლის მიმართვა მშობლებს

პირად საუბრებში მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები სკოლაში მძიმე ჩანთებით დადიან, რაც ხშირად უარყოფითად აისახება ბავშვის ან მოზარდის ფიზიკურ განვითარებაზეც. მართლაც, მოსწავლის ჩანთაში უამრავი სასწავლო და ხშირად არასასწავლო ნივთი იყრის თავს და ჩანთაც მძიმდება. წონით განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ჩანთები გამოირჩევიან. როგორც გავარკვიეთ, პატარების ჩანთაში სათამაშოებს, „გასაპრანჭ ნივთებს“ და ფერად სასუსნავებს მრავლად აღმოაჩენთ.

EDU.ARIS.GE მშობლების დახმარებას შეეცდება და ჩვენი რესპონდენტი, ნატო ჯანაშია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელი, რომელსაც 40-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, მოგვიყვება რა უნდა იყოს და რა არა მოსწავლის ჩანთაში, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად ჩალაგებული ჩანთა კლასების მიხედვით, რომელიც თქვენი შვილის წარმატებისა და უსაფრთხოების ხელშემწყობიც იქნება.

– ქალბატონო ნატო, პირველ რიგში, გვითხარით, მართლა ასეთი მძიმეა მოსწავლის ჩანთა, როგორც ამას მშობლები ჩივიან?

– წიგნების სიმძიმე ცოტათი შეამსუბუქა მის ნაწილებად დაშლამ, უფრო დაწყებით კლასებში. ეს ძალიან აქტუალური თემაა, რასაც მშობლები ხშირად აღნიშნავენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაზე მთავარი მშობელია, რომელმაც უნდა აკონტროლოს შვილის ჩანთა. ეს კონტროლი სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც არასაჭირო ნივთი მხოლოდ სახლიდან ხვდება ჩანთაში. მშობელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული შვილის მოვლა-მოწესრიგებაზე. უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ სახელმძღვანელოები და რვეულები ჩანთაში გაკვეთილის ცხრილის მიხედვით ჩალაგდეს.

– რა უნდა იყოს მოსწავლის ჩანთაში საფეხურების მიხედვით (დაწყებითი, საბაზო, საშუალო)?

– მოსწავლის ჩანთაში აუცილებლად პირველი რიგში სახელმძღვანელო უნდა ჩალაგდეს გაკვეთილის ცხრილის მიხედვით. რვეული – საგნის მიხედვით. ავტოკალამი და ის რესურსები, რაც მოსწავლეს მხოლოდ იმ დღეს სჭირდება. მაგრამ დაწყებითებში უფრო კარგად გვაქვს საქმე, რადგან მშობელი სასწავლო ნივთებს, როგორიცაა: ავტოკალამი, ფანქარი, საშლელი, სახაზავი, ფლომასტერი ყიდულობს ცალკე, სკოლისთვის (რომელიც სკოლაში რჩება) და ცალკე სახლისთვის, რაც, რა თქმა უნდა, ჩანთის წონაზე აისახება. ხოლო, რაც შეეხება საშუალო და საბაზო საფეხურს, მნიშვნელოვანი აქაც მშობლის კონტროლია. ამასთან, სახელმძღვანელოების ნაწილებად დაშლა, რა თქმა უნდა, ჩანთის წონაზეც იმოქმედებს. (რადგან ახალი წიგნები ფერადი ილუსტრაციით არის გაჯერებული, ამიტომ მათი წონაც მეტია).

-რა არ უნდა იდოს მოსწავლის ჩანთაში?

– ჩანთაში არ უნდა აღმოჩნდეს ზედმეტი სასწავლო ნივთები, როგორიცაა ბასრი იარაღი, სამკაულებიც, ზედმეტი სახელმძღვანელო, რომლებიც ზოგჯერ მოსწავლეებს ჩანთაში რჩებათ და მთელი კვირა ატარებენ. უნდა იქონიონ მხოლოდ ის სახელმძღვანელო, რომელიც გაკვეთილების ცხრილის მიხედვით იმ დღეს აქვთ. ყოვლად მიუღებელია, ჩანთაში აღმოჩნდეს ბანქოს სათამაშოები, კამათელი, კოსმეტიკური საშუალება. ეს ნებისმიერი საფეხურის მოსწავლესეხება.
დაწყებითებში არის შემთხვევა, როცა მოსწავლეს მოაქვს დედის სამკაულები, რომელსაც, რა თქმა უნდა, მშობელს ვუბრუნებთ.

– როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილად ჩალაგებული მოსწავლის ჩანთა

– სრულყოფილად მოწესრიგებულია მოსწავლის ჩანთა, როცა მას გაკვეთილის ცხრილის მიხედვით აქვს ჩალაგებული წიგნები, რვეულები და საჭირო სასწავლო ნივთები

– თუ შვილი ჯიუტობს და აქვს სურვილი, რომ არასასკოლო ნივთი წაიღოს სკოლაში, რა შეიძლება მოვიფიქროთ ასეთ დროს?

-ზოგჯერ, მშობლები მომმართავენ, რომ მისი შვილი ცდილობს, ზედმეტი ნივთები ჩაიდოს ჩანთაში და მთხოვენ რჩევას. ასეთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვესაუბრები იმაზე, რომ ზედმეტი ნივთი, ზედმეტი ტვირთა მძიმე წონით, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე აისახება. შეიძლება, მოვიყვანო ცხოვრებისეული მაგალითები, მოვასმენინო ექიმების რჩევა-დარიგება. ვთხოვოთ მშობლებსაც, რომ თვითონაც ესაუბრონ ამ საკითხზე.

– რას ეტყოდით მშობლებს?

-მშობლები ერთ-ერთი საყრდენი ძალაა სკოლის, დამრიგებლისა და საგნის მასწავლებლისთვის. ამიტომ, საჭიროა, მათთან გვქონდეს ინდივიდუალური (საჭირო დროს) და საკლასო ჯგუფური შეხვედრები (დანიშნული დროის).

მინდა, მშობლებს ასეთი რჩევა მივცე:

  • მოსწავლეს უნდა შეურჩიონ მსუბუქი და პრაქტიკული ჩანთა (რაც ზოგჯერ წიგნებზე ორჯერ მეტი წონისაა);
  • აკონტროლონ ყოველი დილით შვილის ჩანთა, რათა გაკვეთილების ცხრილის გარდა, მასში არ აღმოჩნდეს ზედმეტი წიგნი, რვეული და სხვა არასაჭირო ნივთები;
  • სადილისათვის პატარა, მსუბუქი კონტეინერი შეურჩიონ.
  • ჩემს კოლეგებს კი, მინდა, ვთხოვო: დამატებითი სახელმძღვანელოები კვირის დღეებზე გადაანაწილონ, რადგან ერთდროულად რამდენიმე დამატებითი სახელმძღვანელო არ აღმოჩნდეს ჩანთაში, რაც წონაზე აისახება.

ჩემს კოლეგებს კი, მინდა, ვთხოვო: დამატებითი სახელმძღვანელოები კვირის დღეებზე გადაანაწილონ, რადგან ერთდროულად რამდენიმე დამატებითი სახელმძღვანელო არ აღმოჩნდეს ჩანთაში, რაც წონაზე აისახება.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში