GE
27 მაისი, 2026 17:01

რატომ მიაქვს ბავშვს სათამაშო სკოლაში – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა

ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი – თანამედროვე განათლების აკადემიის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

რატომ ირჩევს ბავშვი ერთ სათამაშოს?

ყველა ბავშვს აქვს თავისი განსაკუთრებული სათამაშო. ზოგისთვის ეს პატარა დათუნიაა, ზოგისთვის – გაცვეთილი თოჯინა, მანქანა ან უბრალო ნაჭრის ბაჭია. უცნაურია, არა? უამრავ სათამაშოში ბავშვი მაინც ერთს ირჩევს და მასთან განსაკუთრებულ კავშირს ქმნის.

რატომ ხდება ასე? – ბავშვი სათამაშოს მხოლოდ გარეგნობით არ ირჩევს. ხშირად ის ირჩევს იმას, რაც მასში უსაფრთხოების, სითბოს და ემოციური კავშირის განცდას იწვევს. ზოგჯერ ეს ხდება ხმის, ტექსტურის, ფერის ან უბრალოდ იმ მომენტის გამო, როცა პირველად ჩაიხუტა. ბავშვის ფსიქიკა საგნებს მნიშვნელობას ანიჭებს და ეს სათამაშო მისთვის უკვე „უბრალო ნივთი“ აღარ არის. ის ხდება მეგობარი, დამამშვიდებელი, პატარა სამყარო, სადაც ბავშვი თავს დაცულად გრძნობს. ფსიქოლოგები ასეთ საგანს „გარდამავალ ობიექტს“ უწოდებენ.

ეს არის რაღაც, რაც ბავშვს ეხმარება, გაუმკლავდეს შფოთვას, განშორებას, ახალ გარემოს. ამიტომ მიაქვთ საყვარელი სათამაშო სკოლაში, ბაღში, ექიმთან, მგზავრობისას. როცა დედა ან მამა გვერდით არ არის, ეს სათამაშო ბავშვისთვის ემოციური ხიდი ხდება.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

ხშირად უფროსებს გვიკვირს – „ამდენ სათამაშოში მაინც ეს ძველი და გაცვეთილი რატომ უყვარს?“ იმიტომ, რომ ბავშვისთვის ღირებულებას ფასი არ ქმნის. ღირებულებას ქმნის ემოცია. აქ არის მნიშვნელოვანი უფროსების პასუხისმგებლობა. არ უნდა დავცინოთ ბავშვს მისი მიჯაჭვულობის გამო. არ უნდა ვუთხრათ – „დიდი ხარ უკვე, ეს რა ბავშვობაა“. რადგან ამ დროს ბავშვი კარგავს არა სათამაშოს, არამედ ემოციურ უსაფრთხოებას.

მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა – დააკვირდნენ, როდის ეხუტება ბავშვი სათამაშოს, როდის ატარებს ყველგან. შეიძლება, ამით რაღაცის თქმა სურდეს: იღლება, ეშინია, ახალ ეტაპს ეჩვევა, მარტოობას გრძნობს ან უბრალოდ სითბო სჭირდება.

რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა?

მასწავლებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, განსაკუთრებით პირველ კლასში. როცა პატარა სკოლაში პირველად შედის, ის უზარმაზარ ცვლილებას გადის. უცნობი სივრცე, ახალი წესები, განშორება მშობლებთან, პასუხისმგებლობა… ასეთ დროს სათამაშო ბავშვისთვის შეიძლება პატარა „ემოციური წამალი“ გახდეს… მასწავლებელმა არ უნდა წაართვას უხეშად, არ უნდა შეარცხვინოს ბავშვი კლასის წინაშე. პირიქით, სითბოთი უნდა მიუდგეს. ზოგჯერ საკმარისია უთხრას – „ვხედავ, ძალიან გიყვარს. მოდი, დღეს შენს მერხთან დაჯდეს და გაკვეთილს ერთად მოუსმინეთ“.

როცა ბავშვი გრძნობს, რომ მისი ემოცია მიღებულია, ის უფრო სწრაფად მშვიდდება და ადაპტირდება. საინტერესოა ისიც, რომ ბავშვი თავის საყვარელ სათამაშოს ხშირად საკუთარ ხასიათს გადასცემს – ესაუბრება, უყვება საიდუმლოებს, აძინებს, ზრუნავს მასზე. ამით ბავშვში ვითარდება: ემპათია, ზრუნვის უნარი, ემოციური მიჯაჭვულობა, პასუხისმგებლობის განცდა, წარმოსახვა და შინაგანი დიალოგი.

ხანდახან უფროსები ფიქრობენ, რომ ბავშვის სამყარო „უბრალოა“. სინამდვილეში კი ბავშვისთვის პატარა დათუნია შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ის პირველად სწავლობს სიყვარულს, ნდობას და ერთგულებას. და სწორედ ამიტომ გვამახსოვრდება მთელი ცხოვრება ჩვენი ბავშვობის ერთი განსაკუთრებული სათამაშო. რადგან სინამდვილეში ის სათამაშო კი არა – ჩვენი პატარა გულის პირველი მეგობარი იყო.

ასევე იხილეთ:

„შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“ – რა არ უნდა ვუთხრათ ბავშვს და რა უნდა ვიცოდეთ იარლიყებზე

schools.ge (ნ)