GE
1 აგვისტო, 2022 12:00

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე ზაფხულში და არამხოლოდ, რომელსაც სწავლა ეზარება – დაწყებითი კლასების პედაგოგის მეთოდები

მოსწავლეს, რომელსაც სწავლა ეზარება, ისე უნდა ვეთამაშოთ, ვაიძულოთ, საინტერესო კითხვები დასვას – ასეთია თბილისის 159-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ნანა კვირიკაშვილის მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის საზაფხულო არდადეგების პერიოდში.

პედაგოგი მშობლებს ურჩევს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კონკრეტულად კი არ მიუთითონ, რა წაიკითხონ და ისწავლონ, არამედ მათი ინტერესების მიხედვით შეურჩიონ წასაკითხი მასალა.

„როდესაც ბავშვს სწავლა ეზარება, ნაკლებად უნდა დავტვირთოთ, რათა უფრო მეტი უარყოფითი დამოკიდებულება არ გაუჩნდეს. არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ კონკრეტულად შევურჩიოთ, გინდა თუ არა, ესა და ეს ლიტერატურა წაიკითხოს. ზოგ ბავშვს მათ ასაკზე გათვლილი სამეცნიერო მასალების, საბავშვო ენციკლოპედიების კითხვა უფრო აინტერესებს, ვიდრე ლიტერატურა და როგორი ილუსტრირებული წიგნებიც არ უნდა უყიდო, მაინც იმას თუ წაიკითხავს და ისწავლის, რაც თვითონ უნდა. რაც უფრო მეტად აძალებ, ბევრად უარყოფით შედეგს იღებ. მშობლებს ვეუბნები, კი არ დააძალონ რაიმეს სწავლა, მაგალითად, სთხოვონ, ბავშვმა ისეთი რამე ჩაინიშნოს, რაც მასში ემოციას იწვევს. ასე აზროვნებასაც სწავლობს ბავშვი, წერასაც, წინადადებების სწორად გამართვაც გამოსდის და თავისი აზრების გადმოცემაც უფრო უადვილდება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან მასწავლებელი.

პედაგოგი თავისი მოსწავლეების მშობლებს თამაშების ხერხებსაც ასწავლის და სთხოვს, ამ თამაშისას, ვიდეო გადაუღონ და მას ანახონ. ამ დროს წაკითხულის სპექტაკლად წარმოდგენას სწავლების ერთ-ერთ მეთოდად მიიჩნევს.

„მშობლებს ვთხოვ, ბავშებს ვიდეო გადაუღონ სწავლებისთვის განკუთვნილი თამაშის პროცესში. მერე მე ვნახულობ იმ ვიდეოებს. ასევე ვთხოვ, როცა რაიმეს წაიკითხავს ბავშვი, წაკითხულიდან საყვარელი პერსონაჟი განასახიეროს და ეს წარმოდგენაც გადაიღონ. მართლაც იღებენ და მიგზავნიან. ეს მეთოდი განსაკუთრებით ონლაინ გაკვეთილების დროს გამომადგა. როდესაც ტექსტს მივცემდი, მოსწავლეები სპექტაკლივით დგამდნენ ოჯახის წევრებთან, დედმამიშვილებთან ერთად და მიგზავნიდნენ. იმისთვის, რომ ასეთი წარმოდგენა დადგან და აზრი გამოიტანონ, ორჯერ მაინც უნდა წაიკითხონ ტექსტი და ამას ისე აკეთებენ, არ ეზარებათ. ეს მეთოდი ზაფხულშიც გასათვალისწინებელია“, – გვიყვება ნანა კვირიკაშვილი.

რაც შეეხება მათემატიკას, მასწავლებელი მშობლებს, ამ შემთხვევაშიც, თამაშის მოშველიებას ურჩევს, რითაც მათთვის გამრავლების ტაბულის სწავლების პრინციპის გაგებაა შესაძლებელია.

„ბავშვს ისე უნდა ვეთამაშოთ, ვაიძულოთ, საინტერესო კითხვები დასვას და ამ საინტერესო კითხვებზე საინტერესო პასუხებიც მიიღოს. ეთამაშეთ, მაგალითად, „მაღაზიობანა“ ნივთების, სათამაშო ფულის გამოყენებით. ამ ხერხით, მათემატიკური გათვლები, მოქმედებები აუცილებლად გაუჯდება. არიან ბავშვები, რომლებსაც არ უყვართ გამრავლების ტაბულა და ვერაფრით იზეპირებენ. ამ დროს შეიძლება ვაშლები დაუწყო და სთხოვო, ორი ხუთეული გვერდით გადადოს და ა.შ. ამ დროს გამრავლების ტაბულას ისე სწავლობს, ვერც ხვდება. მთავარია, პრინციპი გაიგოს და მერე ადვილად აუღებს ალღოს. დამერწმუნეთ, ასეთი მიდგომები ბევრად შედეგიანია და ბევრ შთაბეჭდილებასაც მიზიარებენ სექტემბრისთვის სკოლაში დაბრუნებულები. აუცილებელია თამაში და არა დაძალება“, – გვითხრა დაწყებითი კლასების პედაგოგმა.

მასწავლებელი ამბობს, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმმა განსაკუთრებით სწორედ დაწყებითი კლასების მოსწავლეები დააზარალა, თუმცა ზაფხულის, ყველაზე ხანგრძლივ, არდადეგებს მაინც აუცილებლად მიიჩნევს და მშობლებს ურჩევს, პატარები ოჯახურ, ყოფით პრობლემებს მოარიდონ, რათა მათ სწავლაზე ორიენტირება უკეთესად შეძლონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლება გვქონდა ონლაინ სწავლების დროს, ძალიან დროულია ზაფხულის არდადეგები. საერთოდაც, ონლაინ გაკვეთილებზე უფრო იღლებიან ბავშები, ვიდრე სკოლაში. არდადეგები აუცილებელია, ოღონდ თავისი აქტივობებითა და თამაშ-თამაშებით, რომ არ მოდუნდნენ. ბავშვი უფრო ლაღია, უფრო გახსნილია, უფრო მოტივირებულია, თუ ოჯახური და ზოგადად, ყოფითი პროლემები არ აქვს. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს ლაღი და ბედნიერი. რომ შეხედავ, თვალებზე და ყველაფერზე ეტყობა, რომ რაღაცას განიცდის. ასეთ დროს არც ინტერესი არ აქვთ სწავლის, სხვა რამეზე ფიქრობენ, რადგან მათთვის ის სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. ჯერ იმ მნიშნელოვანი საკითხის გადაწყვეტა უნდათ, იმას ითხოვენ და ამიტომ, სწავლა მათთვის უკანა რიგში იწევს. ასეთ დროს მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ, რომელ სიტყვვას რა გულით, რა ემოციით ეუბნები, რადგან ისინი ყველაზე მართალი და სუფთა არსებები არიან და ვერაფერს გამოაპარებ. ამიტომაც სჭირდება მათთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილე“, – ამბობს ნანა კვირიკაშვილი.

ასევე იხილეთ:

„ცოტა დავალება მართლა საჭიროა, რომ მოსწავლე მთლად არ ასცდეს სასკოლო რეჟიმს“ – არდადეგებზე გასათვალისწინებელი

„მოსწავლე თუ სამი თვე სულ ისვენებს, რისკი ჩნდება, რომ მერე აღარ ისწავლის“ – როგორ დავგეგმოთ არდადეგები სწორად

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში