„მოსწავლე თუ სამი თვე სულ ისვენებს, რისკი ჩნდება, რომ მერე აღარ ისწავლის“ – როგორ დავგეგმოთ არდადეგები სწორად
„არდადეგების დროს, არ შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში ასწავლო ბავშვს სხვადასხვა საგნები, მაგრამ არც იმას ვურჩევ ვინმეს, რომ მთელი სამი თვე დაასვენონ, რადგან ასეთ დროს მოსწავლეს უჩნდება სტაბილური ასოციაცია – სწავლა ცუდია, დასვენება კარგია. ამიტომ, ბალანსის საპოვნელად აუცილებელია რეჟიმი და გეგმის შედგენა, რომელსაც არც ჩვენ და არც უმცროსები შეჩვეულები არ ვართ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პედაგოგმა და ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ, რომელსაც არდადეგებისა და სწავლა-განათლების თავსებადობაზე ვესაუბრეთ.
სასკოლო არდადეგები 15 ივნისს დაიწყო და მოსწავლეები სკოლებს 3 თვის შემდეგ დაუბრუნდებიან. თანამედროვე ფსიქოლოგები და უცხოელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დასვენების დროს ბავშვი ან მოზარდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტვირთოს სწავლით. მანანა ჯინჭარაძე გვიხსნის, რამდენად სწორია ზაფხულის არდადეგებზე დავალებების შესრულება, თუ პირიქით, სრული თავისუფლება სჯობს და არგუმენტებიც მოჰყავს, თუ როგორ წარმოუდგენია სკოლის მოსწავლის ნაყოფიერი არდადეგები.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ყველა იმ დარგის ექსპერტი, ვისაც ბავშვებთან შეხება აქვს, ადრეც და ახლაც, ურჩევდა და ურჩევს მშობელს, რომ პირველ რიგში, ბავშვის ჯანმრთელობაზე იზრუნონ და არდადეგების პერიოდში სწავლით არ გადატვირთონ, რათა თავიდან ავიცილოთ ბევრი გართულება.
„ექიმები მუდამ აღნიშნავენ, რომ ზედმეტი გონებრივი მუშაობა უამრავი ქრონიკული დაავადებების და ფსიქიკური პრობლემების გამომწვევია. სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბავშვებს, როდესაც გაძლიერებულია მეცადინეობა იმ პერიოდში, მოზარდმა რომ უნდა დაისვენოს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ დროს ბავშვებში მატულობს დეპრესიები, ერღვევათ მშვიდი ძილი, გასაოცარი სიზმრები აქვთ და ა. შ.
„ჩვენ, პედაგოგები ვამბობთ, რომ ზაფხულში სწავლით დატვირთული ბავშვი ვერ იქნება სექტემბრისთვის პროდუქტიული, მას არ ექნება ძალა და რაც მთავარია, სურვილი და მოტივაცია გაუქრება, სკოლაში დაბრუნებულმა სწავლა გააგრძელოს, რადგან არ შეუწყვეტია ეს პროცესი“, – გვითხრა მანანა ჯინჭარაძემ, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს, რომ მშობლებმა, სანამ გადაწყვეტენ, ზაფხულში შვილები ჩვეულ რეჟიმში ამეცადინონ, ამ სამი კატეგორიის, – ექიმის, ფსიქოლოგის და პედაგოგის სპეციალისტის აზრები მოისმინონ.
პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეები სკოლაში სწავლის პერიოდში საკმაოდ დატვირთული რეჟიმით ცხოვრობენ, ზაფხულში კი იმ ცოდნის 30-40%-ს კარგავენ, რაც კონკრეტულ სასწავლო წელს ისწავლეს და ეს კვლევებით არის დათვლილი. უკვე გავლილი პროგრამის გამეორებას კი, რამდენიმე კვირა სჭირდება. თუმცა, როდესაც ბავშვი სამი თვე სრულიად ისვენებს, რისკიც ჩნდება, რომ მერე აღარ ისწავლოს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დროა. ამიტომ, პედაგოგის აზრით, ოქროს შუალედის დაცვა და გეგმის შემუშავება აუცილებელია.
„გეგმა უნდა იყოს ასეთი: ბავშვმა უნდა იცოდეს, დილით რომელ საათზე ადგეს, რა გააკეთოს და როგორ. ეს რომ მძიმე შრომად არ აღიქვას ბავშვმა, დღეები უნდა იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი და დაგეგმვაში მშობელი უნდა მიეხმაროს“, – ამბობს პედაგოგი და მშობლებს ურჩევს, არდადეგების დაწყებიდან პირველი ერთი თვე ბავშვი დააბრუნონ მშვიდ ბავშვობაში, დანარჩენი ორი თვე კი დაუთმონ იმის სწავლას, სადაც ხარვეზი აქვს მოსწავლეს. ასევე, უმჯობესია, კვირაში რამდენიმე დღე ავარჯიშონ ერთი საათის განმავლობაში, ვიდრე დღეში 5 საათი ამეცადინონ გაუჩერებლად.
მანანა ჯინჭარაძე თვლის, რომ როდესაც ქალაქელი ბავშვი სოფელში ჩადის, ბუნებასთან აქვს კავშირი, ახალ ადამიანებს ეცნობა და მათთან კომუნიკაციას ამყარებს, ესეც ასევე სწავლა-განვითარების ნაწილია და ამ დროს მშობელს არ უნდა შეეშინდეს ბავშვის „უსაქმურობის“. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბავშვს სწავლა არ დავაძალოთ.
„კარგი იქნება, თუ არაფერს დავაძალებთ. თუ დავაძალებთ, ეს იქნება არა ინტერესი ცოდნის მიმართ, არამედ შიში. შიში კი არ არის დახმარება. თუ ბავშვი შიშით ხელმძღვანელობს სწავლის დროს, ის რაღაც მომენტში დაიღლება ამ შიშისგან და იცით რას გააკეთებს? შემოგიბრუნდება შენ, ზრდასრულს და გეტყვის – „არ გავაკეთებ და ვერაფერსაც ვერ მიზამ!“ ეს უკვე კრახია. თუ ბავშვს მთელი ზაფხული აიძულებ, ისწავლოს, იმ მთელ ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც მას სწავლისადმი გაუჩნდა, სექტემბერში გამოავლენს“, – გვითხრა მანანა ჯინჭარაძემ, რომლის აზრით, ზაფხულში შესაბამისად დასვენებული მოსწავლე უფრო მოტივირებულია და უფრო სწრაფადაც აღწევს წარმატებას.
ზაფხულის პერიოდში ყველაზე სავალდებულოდ, რაც მოსწავლეს დაეხმარება, პედაგოგი მხატვრული ლიტერატურის კითხვას მიიჩნევს: „კრეატიულობა და შემოქმედობითობა უნდა შეინარჩუნოს ბავშვმა და ეს იმით ნარჩუნდება, როდესაც ტვინში მუშაობს ინტელექტუალური კუნთი. ამისთვის კი აუცილებელია კითხვა და ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავექცევით. ესეც მშობელმა გადაუწყვიტოს და 15 წუთიანი დრო დაუწესოს მოთელვასავით, რომ ბავშვს არ მობეზრდეს. დღეში მცირე პერიოდები ავიღოთ, რომ არ გადაიტვირთოს ბავშვი“.
ტრენერი მოსწავლეებს ბავშვებად და თინეიჯერებად ყოფს და მათ მიმართ მშობლებს სხვადასხვა დამოკიდებულებას ურჩევს. მაგალითად, პატარები შეიძლება სახალისო თამაშობებით დაინტერესდნენ და „შემოესწავლოთ“ ბევრი რამ, თუნდაც ინგლისური ენა, მაგრამ თინეიჯერებთან ეს ასე ადვილი არ არის.
„თინეიჯერი უკვე მომწიფებულია გონებრივად, დიალოგი შეუძლია წარმართოს მშობლებთან და მასთან მოლაპარაკებაა აუცილებელი, რაც პასუხისმგებლობას გაუზრდის. მოლაპარაკების ნიადაგზე უნდა განუსაზღვრო, რომელი საგნები, რომელ დღეს, რა რაოდენობით ისწავლოს ან წაიკითხოს ამდენი და ამდენი. ყველაზე კარგია, თუ მშობლები და მასწავლებლები ერთად იმუშავებენ ბავშვის ზაფხულის არდადეგების დაგეგმვისთვის. მაშინ ჩვენ მივიღებთ ბავშვს, რომელიც იქნება სიხალისით, ბავშვობით სავსე და ცოდნითაც. სხვა შემთხვევაში, ისევ აგრესია და ნევროზი შეგვრჩება ხელში“, – ამბობს პედაგოგი.
ასევე იხილეთ:
რა აქცევს სკოლას მოსწავლისთის საინტერესო ადგილად – XI კლასელი თაზო დირექტორის როლს ირგებს
მოსწავლეების მიერ ასომთავრული ასოებით შესრულებული „დედა ენის“ ამბავი