GE
28 დეკემბერი, 2022 11:55

როგორ შევიძინოთ და გამოვიყენოთ საახალწლო პიროტექნიკა საფრთხის გარეშე – რა აჩვენა ქუჩის ექსპერიმენტმა

ახალი წლის პირველ წუთებს მთელ მსოფლიოში ფოიერვერკებით აღნიშნავენ და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. ყველას გვიყვარს ფოიერვერკებით მოჭედილი ცის ყურება. ახალი წლის ხმაურიანი ღამე განსაკუთრებით მიმზიდველი ბავშვებისთვისაა. 31 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის პიროტექნიკა ოჯახებშიც იდებს ბინას, მიმზიდველი სანახაობა კი, ხშირად, სწორედ ბავშვებისთვის ხდება საშიში.

26 დეკემბერს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეული მარეგულირებელი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული:

„ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“.

რადგან პიროტექნიკით ყოველწლიურად არაერთი ბავშვი ზიანდება, EDU.ARIS.GE შეეცადა მშობლების ინფორმირებაზე ეზრუნა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პიროტექნიკის შეძენა მშობლებისთვის ყველგან ხელმისაწვდომია. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა ფიზიკური პირის 100 ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

EDU.ARIS.GE-მ სპეციალურად ჩვენი მკითხველი მშობლებისთვის პატარა ექსპერიმენტიც ჩაატარა. ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ მშობლის როლი მოგვერგო, რომელიც შვილისთვის პიროტექნიკის შეძენას აპირებს, უსაფრთხოება კი მისთვის პრიორიტეტია. ექსპერიმენტისთვის ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია შევარჩიეთ, სადაც პიროტექნიკის სავაჭრო დახლს ქუჩის ყველა კუთხეში ვხვდებით.

ახმეტელის მეტროს წინ ხალხი დილიდან ირევა, მათ შორის პიროტექნიკის საყიდლად მისულ მშობლებსაც ვხვდებით. მშობლები პირნათლად ცდილობენ შვილების დაკვეთის შესრულებას. „ასაფეთქებლებით“ სავსე დახლებს შორის ვხედავთ ტელეფონმომარჯვებულ მშობლებს, რომლებსაც შვილები უხსნიან რა უნდა შეიძინონ.

როგორც მოვაჭრე ქალი გვიხსნის, სავაჭრო დახლზე ფართო არჩევანია და გვთავაზობს სხვადასხვა ღირებულების, ზომის, ფერის, დანიშნულების, წარმოების პიროტექნიკას. აქვე ვკითხულობთ, რომელ პროდუქტზეა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა.

„თუ ბავშვისთვის გინდათ, ბავშვებს უყვართ სასიგნალო რაკეტები „ბომბაჩკები“ და წვიმის რაკეტები, დიდ ხმას გამოსცემენ და კარგად ფეთქდება“, – გვიზუსტებს გამყიდველი.

დეტალურად ვათვალიერებთ შემოთავაზებულ პროდუქციას და თან ვინტერესდებით, რომელ ქვეყანაშია წარმოებული, აქვს თუ არა მითითებული გამოყენების ვადა, მოჰყვება თუ არა ინსტრუქცია, სად შეგვიძლია გამოვიყენოთ და საშიში ხომ არ არის. როგორც ჩანს, ჩვენი კითხვები უცხოა დანარჩენი მშობლებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცესში მხოლოდ შვილის დაკვეთას ითვალისწინებენ და საეჭვო მზერით გვაკვირდებიან.

გამყიდველი იმასაც გვიხსნის, რომ ინსტრუქცია ზოგიერთ „ასაფეთქებელს“ მოჰყვება ზოგიერთ კი არ სჭირდება, რადგან მათი გამოყენება მარტივია:

„ფეიერვერკებს აქვთ ინსტრუქცია, სხვადასხვა ენაზეა. იჭერ ხელში, ცეცხლს უკიდებ და გიჭირავს. რაკეტებს კი, ცეცხლს რომ წაუკიდებ უნდა გადააგდო, ხელში არ უნდა გეჭიროს“.

ჩვენთან ერთად რიგში მყოფი მშობელიც შეეცადა დახმარებას და ჩვენი კითხვებით შეღონებულმა გვირჩია: „ბავშვს თვითონ ეცოდინება, როგორ გამოიყენოს…“

ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გვიჩვენა, რომ თუ მშობელმა რამდენიმე უცხო ენა არ იცის, მათ შორის ჩინურიც, თავად ვერ შეძლებს დეტალური ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, რას ყიდულობს, გამყიდველისგან კი ბევრს ვერაფერს გაიგებს, რადგან ქართული ინსტრუქცია უმრავლეს მათგანს არ მოჰყვება. ასევე გავიგეთ, რომ მშობლები, პიროტექნიკის შერჩევის პროცესში, უფრო მეტად შვილის დაკვეთას აქცევენ ყურადღებას და არა იმის დადგენას, რამდენად უსაფრთხოა შერჩეული პროდუქტი.

საინტერესოა, იგივე „აღმოჩენა“ გააკეთა თუ არა ჩვენმა რესპონდენტმა მშობელმა, რომელიც არა მხოლოდ მისი, სხვის შვილების აღმზრდელიცაა.

EDU.ARIS.GE2 შვილის დედა და სკოლის მასწავლებელი, ფიქრია კვირიკაძე ესაუბრა, რომელიც სხვადასხვა კლასებში ისტორიისა და მე და საზოგადოების მასწავლებელია. მისი თქმით, ეს „აღმოჩენები“ მისთვის უცხო არაა და სწორედ ამიტომ, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ყოველთვის გეგმავს გაკვეთილს, რომელსაც პიროტექნიკის თემას უძღვნის. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეებთან ერთად მშობლებსაც აქტიურად რთავს.

„პირადად მე და ჩემი ოჯახი პიროტექნიკის მომხმარებელი არ ვართ. როდესაც ბავშვები გვთხოვდნენ, გვეყიდა „ასაფეთქებლები“ და ფოიერვერკი, უარს ვეუბნებოდით და ვუხსნიდით, რომ მისი მოხმარება საშიში იყო და ის ხმა, რომელიც მათ აფეთქების დროს ჰქონდათ, აშინებდათ ადამიანებსაც და ცხოველებსაც. როცა ტელევიზიით ისმენდნენ დაზიანებული ბავშვების შესახებ ინფორმაციას, თავადაც აღარ ჰქონდათ გამოყენების სურვილი და არც დღეს იყენებენ. სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ყოველთვის ვხედავ მშობლებს პიროტექნიკის რიგებში. არც კი ვიცით რა შემოდის ქვეყანაში. დამწვრობის უამრავი ფაქტია, თუნდაც კიდურების ისეთი დაზიანების, რომ შემდეგ ბავშვის მომავალი ნადგურდება. როგორც პედაგოგი, როცა ახლოვდება ახალი წელი, ვცდილობ, ისეთი დავალებები მივცე მოსწავლეებს, რომ პიროტექნიკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ და სხვათა შორის, მშობლებსაც ვავსებინებ კითხვარს მოსწავლეების ჩართულობით, რომ საფრთხეები უფრო მეტად გაიაზრონ“.

ჩვენმა რესპონდენტმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელსაც პიროტექნიკის გამოყენება მშობლებისთვის ქმნის და მათ რჩევაც მისცა. მისი თქმით, პიროტექნიკა უნდა იყიდებოდეს, თუმცა, მისი გამოყენება გარკვეული წესებითა და რეგულაციებით იყოს დაშვებული.

„დაუშვებელია, როცა საჯარო სივრცეებში აფეთქებენ. ამ მხრივ გარკვეული რეგულაციები უნდა იყოს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა შემოდის და შემდეგ უკვე ვიფიქროთ სად არის მათი გამოყენება დასაშვები და სად არა.

„მაქსიმალურად დაარწმუნეთ შვილები, რომ პიროტექნიკა ზოგჯერ მავნებელია. ამ დროს გვქონდეს მყარი პოზიცია და ჩვენი აზრი კი არ მოვახვიოთ, არამედ ავუხსნათ. შეძენამდე, დავაკვირდეთ ინსტრუქციას, თუ არ გვესმის უცხო ენა, ვკითხოთ ვისაც ესმის და შევიძინეთ მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც უსაფრთხოა. შევამციროთ მაშხალებისა და ასაფეთქებლების გამოყენება, თუ ცხოველი გვყავს სახლში და ასევე, ნუ გამოვიყენებთ პიროტექნიკას დახურულ სივრცეში. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ, უამრავია ბავშვია, რომლებსაც ახალი წლის დღეებში ტკბილეულიც კი ენატრებათ. მიეცით მაგალითი თქვენს შვილებს და ის თანხა, რომელსაც ხმაურიან ასაფეთქებლებში ხარჯავთ, ამ ბავშვების გახარებისთვის გამოიყენეთ. არიან ბავშვები, ვისაც მაშხალების ხმები აშინებთ და პანიკაში აგდებთ…. ახალ წელს მაინც ვიფიქროთ ერთმანეთზე. ვფიქრობ, ეს უფრო საზეიმო განწყობას შეგვიქმნის, ვიდრე ხმაურიანი ფეიერვერკები“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ფიქრია კვირიკაძე.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში