რომელია სწორი: აღვნიშნავ თუ ავღნიშნავ? განვასხვავებ თუ გავანსხვავებ? – ზმნისწინთა მართლწერა მოსწავლეებისთვის
ზმნისწინი ჰქვია ზმნის წინა ნაწილს, რომელიც თავში დაერთვის ზმნას და უცვლის მას გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას.
თანამედროვე ქართულში 16 ზმნისწინია. მათგან რვა ერთმარცვლიანია, რვაც – ორმარცვლიანი.
ერთმარცვლიანი ზმნისწინებია: მი-, მო-, ა-, და-, ჩა-, შე-, გა-, წა-.
ორმარცვლიანი ზმნისწინებია: ამო-, ჩამო-, შემო-, გამო-, გადა-, გადმო-, წამო-, მიმო-.
ზოგიერთი ზმნისწინი გამოიყენება ძველი ფორმითაც, ასეთებია: აღ-, აღმო-, შთა-, შთამო-, წარ-, წარმო-, გარდა-, გარდამო- (ძალიან იშვიათად გვხვდება).
ზმნისწინების ძველი ფორმები შემორჩენილია სახელზმნებში (საწყისებსა და მიმღეობებში) და ბევრ შემთხვევაში ზმნისწინთა ახალი ფორმით არც გვხვდება: აღმოჩენა, აღმომჩენი, აღწერა, აღწერილი, განდგომა, განდგომილი, განდევნა, განდევნილი, შთაბეჭდილება, შთაგონება, შთამომავლობა, წარმოშობა, წარდგენა, წარდგენილი, წარსული და სხვ.
ზმნისწინების ძველი და ახალი ფორმების გამოყენების თვალსაზრისით, ზმნები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:
1. ზმნები, რომლებიც მხოლოდ ძველი ფორმის ზმნისწინებს დაირთავს: განაგებს, განკურნავს, განსაზღვრავს, განიხილავს, აღძრავს, წარმოშობს, წარმოქმნის, წარმოთქვამს.
2. ზმნები, რომლებთანაც ზმნისწინების ძველი და ახალი სახეობა პარალელურად გამოიყენება: განასხვავებს და გაასხვავებს, განაზოგადებს და გააზოგადებს, გაათავისუფლებს და განათავისუფლებს (იშვიათად), აღიმაღლებს და აიმაღლებს. ასეთ შემთხვევაში ორივე ფორმა მართებულია.
3. ზმნები, რომლებსაც დაერთვის ზმნისწინთა როგორც ძველი, ისე ახალი ფორმა, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს: განაახლებს (მუშაობას) და გააახლებს (ტანსაცმელს), განადიდებს (ადამიანს) და გაადიდებს (ოთახს), აღიზრდება (ბავშვი) და აიზრდება (მცენარე), განწმენდს (სულს) და გაწმენდს (ოთახს), აღმოაჩენს (იდეას, ნივთს…) და ამოაჩენს (ყლორტებს)…
არასწორი იქნება: განწმენდს იატაკს, აღზრდის მცენარეს, განადიდებს სახლს.
ხშირად არასწორად იყენებენ ძველი ფორმის ზმნისწინიან ზმნებს (აღ-, წარ-, გან-). ზმნებსა და სახელზმნებში დაუშვებელია ზმნისწინის გათიშვა პირის ნიშნებითა თუ სხვა თავსართებით. არ შეიძლება ზმნისწინის თანხმოვნის გააზრება ზმნის ფუძის ნაწილად.
მართებულია: აღვნიშნავ, აღნიშნავს (აღსანიშნავი, აღუნიშვნელი), განვასხვავებ/ვასხვავებ (განმასხვავებელი, განუსხვავებელი), წარვადგენ, წარვუდგენ და სხვ.
უმართებულოა: ავღნიშნავ, ასაღნიშნი, აუღნიშნავი, ავღწერ, ღწერს, ნკურნავს, ვანსხვავებ, გავანსხვავებ, გასანსხვავებელი, გაუნსხვავებელი, ვარდგებ, ვურდგენ და სხვ.
შენიშვნა: აღ- ზმნისწინის ღ თანხმოვანი ზმნის ფუძის ნაწილად მხოლოდ ორ ზმნაში მოიაზრება: აღიარება და აღორძინება.
მართებულია: ვაღიარებ, მაღიარებს, გვაღიარებს, მაღიარებელი, ასაღიარებელი, აუღიარებელი (და არა აღვიარებ, აღმიარებს, აღგიარებს…); ააღორძინებს, ამაღორძინებს, აგვაღორძინებს, ამაღორძინებელი, აუღორძინებელი, ასაღორძინებელი (და არა აღაორძინებს, აღმაორძინებს, აღმაორძინებელი…).
წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი
ასევე იხილეთ:
რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე
-
რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის by სკოლების ამბები