GE
8 ოქტომბერი, 2026 14:45

რომელია სწორი: მე-2 თუ 2-ე, მე-IV თუ IV? – რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა რიგობით რიცხვით სახელებზე

რიცხვითი სახელი არის სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს და პასუხობს კითხვებზე: რამდენი? მერამდენე? მერამდენედი?

გამოყოფენ რიცხვითი სახელის სამ ჯგუფს: რაოდენობითს, რიგობითს, წილობითს.

რაოდენობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რაოდენობას და პასუხობს კითხვაზე: რამდენი? – შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ასი, სამას ოცდახუთი, ათასი, მილიონი.

რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს, პასუხობს კითხვაზე: მერამდენე? – მეშვიდე, მეათე, მეცხრე, მეთერთმეტე, ოცდამეხუთე, სამას მეხუთე.

წილობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან მიმართებით და პასუხობს კითხვაზე: მერამდენედი? – მეოთხედი, მეექვსედი, მესამედი, მეშვიდედი, მეათედი, მეასედი.

როგორ გამოვიყენოთ რომაული და არაბული ციფრები რიგობით რიცხვით სახელებში

რიგობითი რიცხვითი სახელები შეიძლება გამოიხატოს სამგვარად: სიტყვიერად, არაბული ან რომაული ციფრებით.

სიტყვიერად რიგობითი რიცხვითი სახელი 100-მდე იწერება ერთად (დეფისების გარეშე), მილიონის, ათასეულის, ასეულის აღმნიშვნელი კი – ცალკე, რაოდენობითი რიცხვითი სახელის მსგავსად: ათას ორას ოცდამეხუთე.

არაბული ციფრებით რიგობითი რიცხვითი სახელის გადმოცემისას ციფრს დაემატება მე- თავსართი, თუკი რიცხვითი სახელი მე- პრეფიქსით იწყება (2-დან 20-ის ჩათვლით, 100-ს, ასეულებს, 1000-ს).

სწორია: მე-2, მე-12; არასწორია: 2-ე, მე-2-ე, მე-12-ე).

როცა -მე თავსართი და-კავშირიანი რთული რიცხვითი სახელის ბოლო ნაწილს დაერთვის, ჯერ იწერება რიცხვი, შემდეგ კი – დეფისი და -ე: 21-ე, 107-ე, 203-ე. ასეთ რიგობით რიცხვით სახელთან ბრუნვის ნიშანი დაიწერება მაწარმოებელთან ერთად: 25-ემ, 25-ეს.

რიცხვით სახელს შეიძლება დაერთოს ნაწილაკებიც (-ც, -ცა, -ღა, -ოდე, -ვე) და თანდებულიც (მე-5-ში, მე-9-ზე).

რომაული ციფრებით აღინიშნება მხოლოდ რიგობითი რიცხვითი სახელი, რომელშიც ისედაც იგულისხმება მე–ე თავსართ-ბოლოსართი, ამიტომ მას აღარ სჭირდება რომელიმეს ხელახლა დართვა: IV = მეოთხე, არასწორია მე-IV, მე-IV-ე.

რომაული ციფრებიდან გამოიყენება შვიდი ნიშანი: I (პირველი), V (მეხუთე), X (მეათე), L (ორმოცდამეათე), C (მეასე), D (მეხუთასე), M (მეათასე).

რომაული ციფრებით დაწერილ რიგობით რიცხვით სახელსაც შეიძლება დაერთოს ბრუნვის ნიშნები (გარდა სახელობითისა) ან თანდებულები (IV-მ, IV-ს, V-ისთვის).

ახალი ნორმების მიხედვით, „პირველი“ არაბული ციფრით ასე იწერება: „1-ელი“.

წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

ასევე იხილეთ:

გრამატიკული ცნობარი

რომელია სწორი: თეფშები დადო თუ თეფშები დააწყო? ფოთლები ვარდება თუ ფოთლები ცვივა? – წესები და მაგალითები მოსწავლეებისთვის

schools.ge (ნ)