საინტერესო აქტივობა სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“
2020-2021 სასწავლო წელს შექმნილი ექსტრემალური ვითარების ფონზე, რაც პანდემიამ გამოიწვია, სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ (დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) უცვლელი დღის წესრიგად აქვს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტირება.
სწავლების დისტანციური ფორმა დამღლელი რომ არ იყოს, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სახალისო სიახლესა თუ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ხარისხიანი განათლების მიღების პარალელურად, შემოქმედებითი ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას.
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დარეჯან ცხომარიას ინიციატივით მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობაში – შემოქმედებითი წერა – შესწავლილი მხატვრული ხერხების გამოყენებით.
მოსწავლეებმა შეთხზეს ტექსტები. წარმოსახვითი იდეებიდან და სათაურებიდან აარჩიეს სასურველი და დაწერეს თხზულებები, გააფორმეს შესაბამისი ფოტომასალით. (,,ყვავილი უდაბნოში“; ,,რას ჩურჩულებენ ყვითელი ფოთლები;“ ,,შემოდგომის სიმფონია“ და სხვ.) აღნიშნული სტრატეგიების მრავალჯერადი გამოყენება მოსწავლეებს გაუმარტივებს საკითხის შესწავლას, განუვითარებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარსა და შემოქმედებით აზროვნებას.
“სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ კურსი არის ,,სწავლა-კეთებით“, როდესაც განათლება ემყარება გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას. წარმატებული სწავლისთვის საუკეთესოა ცოდნის მიღება გამოცდილებით და სოციალური ინტერაქციით, პირადი იდეებისა და ცნობიერების ფორმირებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, დარეჯან ცხომარიას ხელმძღვანელობით, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მინი – პროექტში – ,,ქართული მწერლობა”, რომელიც მიზნად ისახავდა შესწავლილი ქართველი მწერლების ცხოვრების და შემოქმედების გაცნობას; კვლევის უნარის განმტკიცებას; ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებას. ინდივიდუალურად შეარჩიეს, იმუშავეს და ისაუბრეს შესწავლილი ქართველი მწერლების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ამ პროექტით საფუძველი ჩაეყარა ფუნდამენტურ ცოდნას – მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სწავლებით, მათი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, გაკვეთილის მიზნისა და მისაღწევი შედეგების მკაფიო დანახვით. სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ ამართლებს დევიზს – ,,ცოდნა – გზა წარმატებისკენ!”, – აღნიშნეს სკოლაში.