შავი კურდღლის წელია და გადაწყვიტეთ, შვილს კურდღელი აჩუქოთ? -იქნებ ცუდი იდეაა?!
ჩინურ ჰოროსკოპს თუ დავუჯერებთ, 2023 წელს შავი კურდღლის წელია. საქართველოს დროით შავი წყლის კურდღლის წელი 21 იანვარს, 20:00 საათზე იწყება.
ზოგადად, კურდღელი მშიშარა ცხოველად ითვლება, ასტროლოგები კი გვპირდებიან, რომ წლევანდელი წელი ჩვენთვის გამბედაობისა და სიმამაცის მომტანი იქნება. მათ კომპეტენციებში რომ არ შევიჭრათ ისე გეტყვით, რომ ჰოროსკოპით დაინტერესებული მკითხველების რაოდენობა საქართველოშიც მზარდია.
ქალაქში თუ გაისეირნებთ, ყველგან შეხვდებით გასაყიდად გამზადებულ ფუმფულა კურდღლის სათამაშოებსა და დეკორატიულ ფიგურებს, ისინი ნამდვილად კარგად იყიდება.
სათამაშო კურდღლების გარდა, ასევე კარგად იყიდება ნამდვილი კურდღლებიც. მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მშობლების გარკვეული ნაწილი შვილს ამ საყვარელ, ფუმფულა ცხოველს ჩუქნის, თუმცა სანამ კურდღლის ჩუქებას გადაწყვეტენ, დაფიქრება სჯობს იმაზე, რამდენად კარგი იდეაა მისი ჩუქება.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად მზარდი მოთხოვნაა წელს ცოცხალი კურდღლის შეძენაზე და არიან თუ არა შეძენის მსურველთა რიგებში მშობლები.
ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად რესპონდენტების ძებნა დავიწყეთ. ჯერ სოციალურ ქსელებში, ის ჯგუფები მოვიძიეთ, სადაც კურდღლებით დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს.
ჯგუფში: „ყველაფერი კურდღლების შესახებ“ აღმოვაჩინეთ, რომ აქ უკვე შეძენილ კურდღლებსაც ყიდდნენ. მშობლების პოსტებსაც მრავლად წავაწყდით. „სხვისდება ეს საყვარელი არსება დიდი გულისტკივილით, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, რადგან ჩემს 1 წლის შვილს საშინელი ალერგია დაემართა“, – წერდა მშობელი, რომელიც საყვარელ არსებას 50 ლარად ყიდდა.
აქვე ვნახეთ, რომ ყიდვასთან ერთად, შეძენილ კურდღლებსაც აჩუქებდნენ. შეგხვდა კიდევ ერთი ფოტოპოსტიც: „ჩუქდება ეს ღუნღულა გოგო, დიდი გულის წყვეტით, მაგრამ მყავს პიტ ბულ ტერიერის ჯიშის ძაღლი. სადამდეც შემეძლო, ვიცავდი ჩემს გოგოს და უკვე ძალა აღარ მაქვს“. მსგავსი ტიპისა და შინაარსის პოსტები მშობლებისგან უმრავი შეგვხვდა. ამავე ჯგუფში აქტიურობდნენ კურდღლის საშენის წარმომადგენლებიც, რომლებსაც კითხვებით ჩვენც მივმართეთ და როგორც მათგან გავარკვიეთ, წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თეთრი ბაჭიები გაეყიდათ, რადგან მშობლებმა ის საუკეთესო საჩუქრად ჩათვალეს:
„რადგან წელს კურდღლის წელია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კურდღლები გვეყიდება. მშობლებს რაც შეეხება, მზარდი იყო მოთხოვნა დეკორატიულ კურდღლებსა და ბაჭიებზე, მიუხედავად იმისა, რომ შავი კურდღლის წელია ყველაზე მოთხოვნადი, წელსაც თეთრი ბაჭიები იყო“.
გავარკვიეთ ისიც, თუ რა ჯიშის კურდღელს ჩუქნიან ყველაზე ხშირად ქართველი მშობლები შვილებს.
„დეკორატიული, ჯუჯა ბაჭიები წელს მშობლებში ყველაზე პოპულარულია. მათი ფასი, საშუალოდ, 50-80 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მათთვის, ვინც პატარა ბაჭიებს ანიჭებს უპირატესობას. ასევე, კარგად ვყიდით კალიფორნიულ თეთრ ბაჭიებს, რომლებიც დიდი ზომის იზრდება და მათი ფასი 150-180 ლარის ფარგლებშია“, – გვითხრა, ნინი გოცირიძემ კურდღლის საშენის წარმომადგენელმა.
მას შემდეგ, რაც კითხვებზე პასუხები მივიღეთ და გავარკვიეთ, რომ წელს მშობლები კურდღლებს აქტიურად ჩუქნიან, უკვე მთავარ კითხვას მივუბრუნდით – რამდენად კარგი იდეაა შვილისთვის კურდღლის ჩუქება. ამ კითხვით ვეტერინარს, ნატა ჩადუნელს მივმართეთ, რომელმაც განმარტა, რომ თუ კურდღლის ჩუქება მშობლის მხრიდან კეთილშობილური მიზანს ემსახურება, მისასალმებელია, მაგრამ შეიძლება, ყოველთვის კარგი იდეა არ იყოს.
„ბავშვებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და ემოციები აქვთ ცხოველების მიმართ და მათზეც განსაკუთრებით ზრუნავენ, თუ თქვენი შვილი ამბობს, რომ ძალიან უნდა, კურდღელი ჰყავდეს და თქვენც იცით, რომ მას ნამდვილად უნდა ეს, შეუძლია მასზე ზრუნვა და არა პირიქით, საფრთხის შექმნა მისთვის, ეს მართლაც კეთილშობილური იდეაა, რომ ამ საყვარელ არსებას მისცეთ თბილი ოჯახი, რომელიც იზრუნებს მასზე და დაიცავს მას. თუმცა, კიდევ უამრავი გარემოებაა და შესაძლებელია, კურდღლის ჩუქება ყოველთვის კარდი იდეა არ იყოს“, – აცხადებს ნატა ჩადუნელი.
ვეტერინარი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ ვიდრე მშობელი შვილს კურდღელს აჩუქებს, საკუთარ თავს ეს კითხვები უნდა დაუსვას:
- რა ვიცი კურდღლების შესახებ?
- მაქვს საკმარისი დრო და შესაძლებლობა მასზე ზრუნვისთვის?
- კურდღლებს სჭირდებათ კომპანიონი, შევძლებ მეორე კურდღლის მოყვანას?
- მყავს უკვე შერჩეული კარგი ვეტერინარი?
- სახლში სხვა ცხოველი თუ მყავს, კარგად იგრძნობს თავს, საფრთხე ხომ არ ელის?
- სად უნდა იცხოვროს კურდღელმა, გალიაში?
- რით უნდა გამოკვებო, რომ ავად არ გახდეს?
- თუ მასზე ზრუნვას ვერ შევძლებთ, რა უნდა გავაკეთოთ?
„თუ კურდღელს სათანადოდ მოვუვლით, სწორად შევურჩევთ სახლს, ვაჭმევთ მისთვის ჯანსაღ საკვებს მცირე პორციებით, მოვუყვანთ საპირისპირო სქესის პარტნიორს, რომ მარტო არ იყოს, ვატარებთ ვეტერინართან და იღბალიც ექნება, შეუძლია, 6-8 წლამდე იცხოვროს. დეკორატიულ კურდღლებს კი შეუძლიათ, 11-15 წლამდეც კი იცხოვრონ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი დაკარგვა მაინც მოგვიწევს, რადგან ჩვენს მსგავსად არც ისაა უკვდავი. ამიტომ, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ განსაკუთრებული ნერვიულობა მოუწევს, როცა ეს დრო დადგება და საჭირო იქნება შვილის განსაკუთრებული მხარდაჭერა“, –
ამბობს ნატა ჩადუნელი.
ჩვენი რესპონდენტი ასევე ასახელებს მიზეზებსაც, რის გამოც კურდღლის შეძენა შესაძლოა, ცუდი იდეა იყოს:
„თუ სახლში ვინმეს ალერგია აქვს, ცხოველის ყოლა არ არის რეკომენდებული. უნდა იცოდეთ, რომ კურდღელი საკმაოდ ხმაურიანი არსებაა, განსაკუთრებით უყვარს ხმაური ღამის პერიოდში, რაც დისკომფორტს იწვევს. თუ სახლში სხვა შინაური ცხოველი, ძაღლი ან კატა გყავთ, ის თავს მშვიდად ვერ იგრძნობს და უფრო მშიშარა, გახდება, რაც მის სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. აუცილებელია, რომ ეს შინაური ცხოველი მოყვანისთანავე აცრილი გყავდეთ, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა ინფექციების წყარო გახდეს. გეტყვით, რომ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ მასზე განსაკუთრებული ზრუნვა“.
ვეტერინარის თქმით, რადგან დეკორატიულ კურდღელზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, მისმა მფლობელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცხოველი მხოლოდ ოჯახურ პირობებში ცოცხლობს და ბუნებაში თუ გაიქცა, იქ ვერ გადარჩება.
კურდღლის თავშესაფარი, სადაც სურვილის შემთხვევაში მის დატოვებას შეძლებთ, ქვეყანაში არ მოიძებნება.
ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სანამ შვილისთვის კურდღლის ჩუქებას საბოლოოდ გადაწყვეტდეთ, დაფიქრება ნამდვილად კარგი აზრია.