სკოლა “ჰელიოსში” შემეცნებითი კოსტიუმირებული პერფორმანსი “ნიღბების თეატრი” გაიმართა
მაისის პირველ კვირას სკოლა “ჰელიოსში” უჩვეულო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. ხელოვნების მასწავლებლის, დალი გოგორიშვილის, ხელმძღვანელობითა და მეოთხე- მეშვიდე კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა შემეცნებითი კოსტიუმირებული პერფორმანსი “ნიღბების თეატრი”.
წარმოდგენა ეხებოდა თეატრის ისტორიის ეტაპებს ანტიკური ხანიდან კომედია დელ არტეს ჩათვლით. თითოეული ეპოქისათვის დამახასიათებელი კოსტიუმებით შემოსილმა მონაწილეებმა შესაფერისი მუსიკისა და ცეკვის თანხლებით გააცოცხლეს თეატრის ისტორია და მაყურებლებს გაახსენეს ჯერ ანტიკური ხანა და შუა საუკუნეების საერო და სასულიერო წარმოდგენები, შემდეგ რენესანსის ეპოქის, კომედია დელ არტეს იმპროვიზებული თეატრი, ბოლოს კი ქართული ხალხური თეატრალური ნიღბებიც.
სკოლა “ჰელიოსის” ეს ფერადი და მხიარული, შინაარსით დატვირთული პერფორმანსი მიზნად ისახავდა კეთებით სწავლის შედეგად ცოდნის მიღებას, რასაც ყოველთვის თან ახლავს დაუვიწყარი ემოციები.