სკოლა “პროგრესის” მიღწეული წარმატებები და პროგრესულად მოაზროვნე 1 200 მოსწავლე
- დავით აკობია – აშშ, ცინცინატის უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერია.
- გიორგი ფხაკაძე – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- ლუკა ზაქარაშვილი – თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება.
ასეთია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ 2017 წლის კურსდამთავრებულების პირველი სამეული. არადა, ჯერ კიდევ წლების წინ, მშობლებისთვის ქუთაისში პირველი ქართულ-ამერიკული კერძო სკოლის გამოჩენა მიმზიდველი, ტერმინი პროგრესი კი მაინც გაუგებარი და უცხო იყო.
„პირველი წლები ნამდვილი ბრძოლა იყო. მშობლებს მოჰყავდათ ბავშვები, ვითომ უნდოდათ პროგრესი, სიახლე, მაგრამ რას გულისხმობდა პროგრესი – არ იცოდნენ. მაინც მიჩვეულ და გამჯდარ, ძველ მეთოდებს ითხოვდნენ. ვერც კი წარმოედგინათ, რომ იმ სისტემის გარდა, რაღაც ახალსაც შეეძლო ეარსება.“
პროგრესი მაინც გარდაუვალი და გადამდებია – ასე ხსნის სკოლის მიერ წლების შემდეგ მოპოვებულ წარმატებას დამფუძნებელი ნინო ჩიკვაშვილი. თვითონაც საჯარო სკოლაში მასწავლებლობით დაიწყო. საგანმანათლებლო სისტემაში ახალი მიდგომების აუცილებლობა დაინახა და გადაწყვიტა, თვითონ გაეხსნა სკოლა, რომელიც ბავშვებს სრულიად განსხვავებული მეთოდებით გაზრდიდა.
25 წლის გოგონამ ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის შენობის ერთ ოთახში, ჯერ საერთაშორისო ენების ცენტრი გახსნა. მოახერხა და სივრცეში, სადაც არც ინფრასტრუქტურა და არც ელექტროენერგია იყო, უახლესი ლიტერატურითა და თანამედროვე მეთოდებით მოსწავლეებს იმ დროისთვის უჩვეულო სამყარო შეუქმნა. 2002 წელს კი ლიცენზია მოიპოვა და ცენტრი ავტორიზებულ სკოლად აქცია. მოგვიანებით თამამი და სარისკო ნაბიჯიც გადადგა და აუქციონზე შეძენილი სამხედრო პროკურატურის შენობაში სკოლის ისტორია დაიწყო.
გოგონა, რომელიც პროგრესის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 16 წლის წინ ალაპარაკდა, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის TEA-ს პროგრამის სტიპენდიანტი, ასევე London School of Management-ის კურსდამთავრებულია და დასავლეთში მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.
დღეს „პროგრესს“ უამრავი საერთაშორისო აღიარება, ლიცენზია, სერტიფიკატი და ჯილდო აქვს. მსოფლიოს მასშტაბით კი დამეგობრებული სასწავლებლები და პარტნიორები ჰყავს. ორენოვანი სექტორის მოსწავლეები აქ ორმაგი ხარისხის, ქართულ-ამერიკულ ატესტატს იღებენ.
სავალდებულო არაა, თუმცა პროგრესელების შაბათიც კი დატვირთულია. ლიდერთა სკოლა, ბიზნეს-განათლება, ინჟინერია, ფიზიკისა და ვირტუალური მოდელირების ლაბორატორია, სხვადასხვა კლუბები, საქველმოქმედო აქტივობები, იმიტირებული სესიები და სასამართლოები მოზარდებს ეხმარება საკუთარი ინტერესის სფერო პატარა ასაკიდანვე სტანდარტული, სავალდებულო საგნების მიღმაც იპოვონ.
სკოლა სახელს ამართლებს და ბევრ საკითხში დროს უსწრებს. ინკლუზიური განათლება აქ პრიორიეტი ჯერ კიდევ წლების წინ იყო.
სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებებმა საქართველში და საქართველოს გარეთ, დამფუძნებელს სურვილი გაუჩინა – პროგრესი მშობლიურ ქალაქს გასცდენოდა. დღეს ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის 3 ფილიალი მომავალი, პროგრესული თაობისთვის 1200-მდე მოსწავლეს ზრდის.