თამარ მეფის სახელობის გიმნაზიამ საანგარიშო კონცერტი გამართა
17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ საფორტეპიანო, სავიოლინო და ვოკალური კლასები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი.
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ხალხური და ფოლკლორული მუსიკის შედევრები.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ხელოვნების სკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ფერწერული ნიმუშები. კონცერტის აკომპანიატორი გახლდათ სკოლა-პანსიონის პედაგოგი მაია თუშიშვილი.
საქართველოს სახალხო პოეტი, თინათინ მღვდლიაშვილი ბავშვებს მიესალმა ლექსით „სამარეში რა ასვენებს საბას“.
მოსწავლეებს და პედაგოგებს მიესალმნენ ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა ანთაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კახა კვაშილავა და წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
კონცერტის დასასრულს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
ხელოვნების სკოლა-პანსიონი მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს თანადგომისათვის.
საანგარიშო კონცერტში მონაწილე ყველა მოსწავლისა და პედაგოგისთვის, 27 ივნისს, მოეწყობა სასწავლო ექსკურსია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცნობილი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში და ქვათახევის მონასტერში.