GE
25 მაისი, 2022 15:46

თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ბოლო ზარი მეცხრედ დაირეკა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, 23 მაისს კურსდამთავრებულთათვის ბოლო ზარის ზეიმი გაიმართა. ვინც პირველი კლასიდანვე აქ სწავლობდნენ, გიმნაზიისთვის ეს მეორე გამოშვებაა, თუმცა ბოლო ზარი სკოლაში უკვე მეცხრედ დაირეკა.

„სევდანარევი საზეიმო განწყობა სუფევდა დილიდანვე გიმნაზიაში, სკოლას ემშვიდობებოდნენ ბავშვები, რომლებმაც 12 წელი გაატარეს ეკლესიის წიაღში დაფუძნებულ გიმნაზიაში და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღებულობდნენ განათლებას.

წმიდა თამარის პარაკლისისა და გიმნაზიის რექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის დალოცვის შემდეგ, კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და გზა დაულოცეს: გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ (მაყვალა) ანთაძემ, სასწავლო პროცესის მენეჯერმა მზიური კოჩალიძემ; პირველმა მასწავლებლებმა – ეკატერინე ხეჩუაშვილმა, ქეთევან გაგოშიძემ, ნინო ტაბატაძემ; კლასის დამრიგებლებმა – ზურაბ გოგოლაძემ და ნინო მუმლაძემ. სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს მოსწავლეებმა და მოსწავლის მშობელმა – თიკო ბეგოიძემ.

გაიმართა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პრეფორმანსი, რომელშიც ხელოვნების სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულებიც მონაწილეობდნენ. ზეიმის დასასრულს გაიხსნა კლასის ვარსკვლავი „ცოდნა ძალაა“ და გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

ზეიმის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა მოილოცეს: მე – 12 ა კლასმა – შავნაბადას, ხოლო მე 12 ბ კლასმა – მარტყოფის მონასტერი.

ზეიმის ორგანიზებას წარმართავდნენ გიმნაზიის ღონისძიებების მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა (ციცინო) ანთაძე. გიმნაზიის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულებს გიმნაზიის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე!“ – წერია გიმნაზიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში