თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ღვაწლი გაიხსენეს
თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას ხსოვნას.
მოსწავლეები გაემგზავრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 33 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.
მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებიელი პანაშვიდი აღასრულა და მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელთან, გიმნაზიის დირექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
მერაბის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს ასევე ეროვნული მოძრაობის „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებმა – გია და ტატო თავზარაშვილებმა, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა – ირინა ჩხეიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წარმომადგენელმა – პაატა გოგოლაძემ.
ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს გიმნაზიისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებს თან ახლდნენ დირექციის წევრები – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაყვალა ანთაძე, საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, გალობის პედაგოგი მაია ნამორაძე.
მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის მონასტერი.